დებულება
სტუდენტთა ომბუდსმენის შესახებ
თავი I. სტუდენტთა ომბუდსმენის ფუნქციონირების საფუძვლები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა ომბუდსმენი წარმოადგენს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ შიდასაუნივერსიტეტო პირს, რომელიც მოქმედებს თითოეული სტუდენტის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიზნებისთვის შიდასაუნივერსიტეტო სივრცეში.
- მოცემული დებულება განსაზღვრავს შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა ომბუდსმენის და სტუდენტთა ომბუდსმენის ოფისის უფლება- მოვალეობებს, ომბუდსმენის არჩევის წესსა და მის უფლება-მოვალეობებს, ომბუდსმენისათვის მიმართვის წესებსა და სხვა დებულებებს.
- ომბუდსმენი და ომბუდსმენის ოფისი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მისი საქმიანობა წარიმართება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო რეგულაციების, საქართველოს კანონმდებლობისა და შიდასაუნივერსიტეტო აქტების საფუძველზე.
- ომბუდსმენისათვის მიმართვის უფლება დაცულია თითოეული სტუდენტისათვის. დაუშვებელია რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ომბუდსმენი - სტუდენტის უფლებათა დაცვისთვის მიმართული ღონისძიებების ორგანიზატორი, ომბუდსმენის ოფისის ხელმძღვანელი.
ბ) ომბუდსმენის ოფისი - ომბუდსმენის ხელმძღვანელობით შექმნილი კოლეგიალური სტრუქტურა, რომელიც ეხმარება ომბუდსმენს მოცემული დებულებით გათვალისწინებული სტუდენტის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტების ქმედითად გამოყენებასა და დებულებით გაწერილი მიზნების მიღწევისთვის.
გ) უნივერსიტეტი - შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
დ) სტუდენტი - უნივერსიტეტში კანონით დადგენილი წესით ჩარიცხული პირი, რომელიც იმყოფება კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამასა და საფეხურზე.
ე) წარმოება - პროცესი, რომლის დროსაც ომბუდსმენი და ომბუდსმენის ოფისი: ე.ა. იღებს სტუდენტის განცხადებას წარმოებაში;
ე.ბ. აწარმოებს აქტიურ კომუნიკაციას სტუდენტთან განცხადებაში დასმული საკითხების/პრობლემების უკეთ შესწავლის მიზნით;
ე.გ. იწყებს აქტიურ კომუნიკაციას უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით.
ვ) განცხადება - ომბუდსმენისათვის მიმართვის ფორმა, რომელსაც აქვს დებულებით დადგენილი სავალდებულო რეკვიზიტები.
ზ) ომბუდსმენის რეზოლუცია - ომბუდსმენის დასკვნა, რომელშიც აისახება კონკრეტული განცხადების ფარგლებში დაწყებული წარმოების შედეგები.
თ) ომბუდსმენის ანგარიში - ომბუდსმენის საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტი.
- დებულების მიზნებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დეფინიციები.
მუხლი 3. ომბუდსმენის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები
- ომბუდსმენის ფუნქციონირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო აქტები, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტები.
თავი II. ომბუდსმენის ფუნქციები
მუხლი 4. ომბუდსმენის ოფისის ფუნქციები და უფლება - მოვალეობები
- ომბუდსმენის ოფისი იცავს სტუდენტის უფლებებს, რომელიც განისაზღვრება როგორც მოქმედი კანონმდებლობით, ისე - ინდივიდუალური ხელშეკრულებითა და შიდასაუნივერსიტეტო აქტებით.
- ომბუდსმენის ოფისი ვალდებულია დაეხმაროს ომბუდსმენს წარმოების თითოეულ ეტაპზე.
- ომბუდსმენის ოფისი დამატებითი ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს ომბუდსმენის ზეპირი ან წერილობითი მიმართვით. ომბუდსმენის ოფისს შეუძლია დასაბუთებული უარი განაცხადოს კონკრეტული ფუნქციის/დავალების განხორციელებაზე თუკი მიიჩნევს, რომ ის ეწინააღმდეგება სტუდენტთა ომბუდსმენის, როგორც ინსტიტუტის დანიშნულებასა და მიზანს ან/და უნივერსიტეტის მიზნებსა და მისიას.
- ომბუდსმენის ოფისი ახდენს სტუდენტთა ინფორმირებას/კონსულტირებას შიდასაუნივერსიტეტო სტრუქტურული ერთეულებისა და მათი ფუნქციების თაობაზე.
- ოფისის ფორმირების წესები განისაზღვრება დებულებით.
მუხლი 5. ომბუდსმენის ფუნქციები, ომბუდსმენის უფლება-მოვალეობები
- ომბუდსმენს აქვს უფლება შეხვდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და დამხმარე სტრუეტურული ერთეულების თანამშრომელს, მოისმინოს მათი ახსნა-განმარტებები, როგორც კონკრეტული წარმოების თაობაზე, ისე შიდასაუნივერსიტეტო საკითხების შესახებ, რომლებიც უკავშირდება სტუდენტთა უფლებების დაცვას.
- ომბუდსმენი ვალდებულია მოახდინოს სტუდენტთა ინფორმირება მათი უფლება- მოვალეობების შესახებ, ასევე, გააცნოს სტუდენტებს მათი უფლებების დაცვის მექანიზმები.
- ომბუდსმენი ვალდებულია კონკრეტული განცხადების მიღების შემდეგ დაიწყოს წარმოება დებულებით დადგენილ შემთხვევებში. წარმოების თითოეულ ეტაპზე განხორციელებული თითოეული პროცედურა უნდა ეცნობოს განმცხადებელ სტუდენტს/სტუდენტთა ჯგუფს.
- ომბუდსმენი უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში.
- ომბუდსმენი წარმოადგენს ანგარიშს აკადემიური წლის ბოლოს.
მუხლი 6. დამატებითი ფუნქციების განსაზღვრის წესი
- ომბუდსმენისა და ომბუდსმენის ოფისის დამატებითი ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს ომბუდსმენის გადაწყვეტილებით. განსაზღვრული ფუნქციები დაუშვებელია ეწინააღმდეგებოდეს უნივერსიტეტის მისიას, წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას.
თავი III. ომბუდსმენისათვის მიმართვის წესები
მუხლი 7. ომბუდსმენისათვის მიმართვა
- ომბუდსმენისათვის მიმართვა ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადების ფორმა მტკიცდება ომბუდსმენის ოფიფისისა და უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად.
- განმცხადებელი უფლებამოსილია უკან გამოიხმოს განცხადება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. განცხადების უკან გამოხმობის შემთხვევაში წარმოება წყდება.
მუხლი 8. განცხადების შინაარსი:
- განცხადების ფორმას შეიმუშავებს ომბუდსმენის ოფისი, შინაარსი უნდა შეიცავდეს: ა. სტუდენტის კონკრეტული პრობლემის არსს/მოკლე აღწერას;
ბ. შესაბამის თხოვნას;
გ. სტუდენტის მიერ მითითებას პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე, სტუდენტის პოზიციას (საჭიროების შემთხვევაში);
დ. სხვა აუცილებელ საკითხებს, რომელიც ემსახურება პრობლემის არსის დაზუსტებას (საჭიროების შემთხვევაში).
- იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ შეიცავს შესაბამის რეკვიზიტებს ან ვერ ხდება განცხადების ავტორის იდენტიფიცირება, ომბუდსმენს უფლება აქვს არ დაიწყოს განცხადების გამო წარმოება.
- განცხადება უნდა ჩაბარდეს ომბუდსმენის ოფისს ან ომბუდსმენს პირადად.
თავი IV. წარმოება
მუხლი 9. შეხვედრა ომბუდსმენთან
- განცხადების მიღების შემდეგ ომბუდსმენს შეუძლია შეხვდეს განმცხადებელ სტუდენტს/სტუდენტებს პრობლემის არსის უკეთ შესწავლის მიზნით.
- თუკი სტუდენტი უარს აცხადებს ომბუდსმენთან კომუნიკაციასა და შეხვედრებზე არასაპატიო მიზეზებით ომბუდსმენი უფლებამოსილია არ დაიწყოს მისი განცხადების გამო წარმოება.
მუხლი 10. ომბუდსმენის მიერ შეხვედრები შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან
- ომბუდსმენი უფლებამოსილია შეხვდეს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარმოების ფარგლებში, პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიზნით.
- ომბუდსმენი უფლებამოსილია ორგანიზება გაუწიოს განმცხადებლისა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა შეხვედრას, რომელსაც შეიძლება თავადაც დაესწროს.
- უნივერსიტეტის თანამშრომლები ვალდებულნი არიან მოთხოვნისთანავე, გამონახონ დრო ომბუდსმენთან შესახვედრად და დასმული პრობლემის განსახილველად.
თავი V. რეზოლუცია
მუხლი 11. რეზოლუციის ფორმა
- რეზოლუციის ფორმა შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი. ზეპირი რეზოლუციის შინაარსი უნდა ეცნობოს თითოეულ დაინტერესებულ პირს. წერილობითი რეზოლუცია ეგზავნებათ დაინტერესებულ პირებს წარმოების დასრულების შემდეგ.
მუხლი 12. რეზოლუციის შინაარსი
- რეზოლუციაში უნდა აისახოს წარმოების თითოეულ ეტაპზე განხორციელებული მოქმედებები.
- რეზოლუცია შედგება აღწერილობითი ნაწილისაგან, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ განმარტებებისა და მიღწეული შედეგის აღწერისაგან.
თავი VI. ომბუდსმენის ანგარიში
მუხლი 13. ანგარიშის ფორმა და რეკვიზიტები.
- ომბუდსმენის ანგარიში დგება წერილობით, რომელშიც აუცილებლად უნდა აისახოს სამსახურის საქმიანობის შედეგები და მონაცემები, ასევე, ომბუდსმენის მოსაზრებები და რეკომენდაციები.
მუხლი 14. ანგარიშის ხელმისაწვდომობა
- ომბუდსმენის სამსახურის ანგარიში ხელმისაწვდომია ყველასათვის. ანგარიში დაუყოვნებლივ ეგზავნება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
მუხლი 15. ანგარიშში ასახული მოსაზრებები და რეკომენდაციები
- ომბუდსმენის სამსახურის ანგარიშში შეიძლება აისახოს მოსაზრებები და რეკომენდაციები შიდასაუნივერსიტეტო სივრცეში მიმდინარე პროცესებისა და განხორციელებული მპროექტების შესახებ. ასახული მოსაზრებები და რეკომენდაციები უნდა ემსახურებოდეს უნივერსიტეტის განვითარებას, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და სტუდენტის უფლებების დაცვას.
თავი VII. ომბუდსმენის არჩევა, ომბუდსმენის ოფისის ფორმირება
მუხლი 16. ომბუდსმენი
- სტუდენტურ ომბუდსმენად აირჩევა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო, სადოქტორო ან საბაკალავრო პროგრამის, არანაკლებ, მე-3 აკადემიური წლის სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი და გამოირჩევა პასუხისმგებლობის გრძნობით, აკადემიური მოსწრებით, კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით.
- ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადაა 1 წელი.
- ერთი და იგივე პირი ომბუდსმენად შესაძლებელია აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
- უნივერსიტეტის იურისტი, მიმართვის შემთხვევაში, ვალდებულია შეუფერხებლად გაუწიოს კონსულტაცია სტუდენტურ ომბუდსმენს.
მუხლი 17. ომბუდსმენის არჩევა
- ომბუდსმენს ირჩევს უნივერსიტეტის რექტორის მიერ შექმნილი კომისია არანაკლებ სამი წევრის, მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლის შემადგენლობით, რომელსაც უფლება აქვს დააზუსტოს შერჩევის კრიტერიუმები.
- ომბუდსმენის პოზიციაზე ასარჩევად კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ უნივერსიტეტის სტუდენტურ გაერთიანებებს, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებს ან საინიციატივო ჯგუფებს. საკუთარი კანდიდატურა შეიძლება წარადგინოს ცალკეულმა სტუდენტმა.
- ომბუდსმენის არჩევის პროცედურის თითოეული ეტაპი უნდა იყოს გამჭვირვალე. დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაცია.
- ინფორმაცია ომბუდსმენის შესარჩევი კონკურსის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, უნივერსიტეტის ვებგვერდის, სოციალური ქსელის, ნექსუსისა და საინფორმაციო დაფების მეშვეობით, 20 დღით ადრე კონკურსის ჩატარებამდე.
მუხლი 18. ომბუდსმენის ოფისის ფორმირება
- ომბუდსმენის დანიშვნიდან 10 დღეში, ომბუდსმენის ოფისის ორ-ორ წევრს წარადგენენ სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის პირველადი ორგანიზაციები.
- წევრის შესარჩევად საგანმანათლებლო ერთეულს უფლება აქვს ჩაატაროს კონკურსი. აღნიშნულ შემთხვევაში, წევრობის მსურველი პირები მიმართავენ დეკანს განცხადებით კონკურსში მონაწილეობის შესახებ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საგანმანათლებლო ერთეული უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს გამორჩეულ სტუდენტებს ოფისის წევრობის კონკურსში მონაწილეობის მიღება.
- სამსახურის წევრის უფლებამოსილების ვადაა 1 წელი. ერთი პირი შესაძლებელია წევრად აირჩეს მხოლოდ 2-ჯერ.
მუხლი 19. უფლებამოსილების შეწყვეტა
- ომბუდსმენის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია შესაბამისის ვადის ამოწურვა, პირადი განცხადება, სტუდენტის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა, მობილობა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მძიმე დისციპლინური დარღვევა.
თავი VIII. დასკვნითი დებულებები
მუხლი 20. დებულების გადასინჯვა
- ეს დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
- დებულების გადასინჯვა დასაშვებია კანონმდებლობასა და შიდასაუნივერსიტეტო აქტებში შეტანილი ცვლილებების ან ომბუდსმენის, ან ომბუდსმენის ოფისის წევრის, ან უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის ინიციატივის საფუძველზე.
- დაუშვებელია დებულების ისეთი ცვლილება, რომელიც შეზღუდავს ომბუდსმენის დამოუკიდებლობის ხარისხსა და მიუკერძოებლობას.