რა არის სტომატოლოგია?
სტომატოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის კბილების აგებულებას, კბილების, ენის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ყბების, სახისა და კისრის რბილი ქსოვილოების დაავადებათა გამომწვევ მიზეზებს. ექიმი-სტომატოლოგების კომპეტენცია მოიცავს ამ დაავადებათა დიაგნოსტიკას, პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას და მკურნალობას - კბილების დაბჟენას, პროთეზირებას, რბილი ქსოვილების დაავადებების აღმოფხვრას, კბილების განლაგების შესწავლას, კორექციას და პროფილაქტიკას, ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას.
რატომ უნდა გახდეთ სტომატოლოგი?
საზოგადოება სულ უფრო მეტად აცნობიერებს ჯანსაღი პირის ღრუს მნიშვნელობას ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და, რაც არანაკლებ ყურადსაღებია, ლამაზი ღიმილის ესთეტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ადამიანის ყოფაში სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელ ატრიბუტად იქცა, ხოლო მოთხოვნა, კარგ სტომატოლოგზე, სულ უფრო იზრდება. მკურნალობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად იზრდება, ასევე, სტომატოლოგის ანაზღაურებაც. მნიშვნელოვანია, რომ მაღალკვალიფიციური სტომატოლოგი არ არის დამოკიდებული მხოლოდ დამსაქმებელზე, იგი თავად შეიძლება გახდეს დამსაქმებელიც და მკურნალიც. ასე რომ, სტომატოლოგის პროფესია არა მარტო პრესტიჟულია, არამედ მაღალშემოსავლიანიც.
რას გთავაზობთ ჩვენი პროგრამა?
სტომატოლოგიის პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური ექიმი სტომატოლოგები, რომლებიც შეძლებენ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიმკვიდრონ ადგილი შრომის ბაზარზე, იყვნენ არამხოლოდ მოთხოვნადი ექიმები, არამედ შეძლონ საკუთარი კლინიკისა თუ კაბინეტის გახსნა, მოახდინონ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის ტრანსფორმაცია პრაქტიკაში - პაციენტების საჭიროებების შეფასება, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი ტექნოლოგიებით. პროგრამა, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში პირველთაგანია, რომელიც ეფუძნება ინტეგრირების საერთაშორისო სტანდარტებს და სწავლა-სწავლების 3 ეტაპს მოიცავს:
- მედიცინის საფუძვლები
- წინაკლინიკური სამედიცინო ეტაპი
- კლინიკური სამედიცინო ეტაპი
ასეთი მოდელი, რომელიც, თავის მხრივ, პრობლემაზე დაფუძნებულ და მოდელირებული სწავლების სისტემას მოიცავს, თეორიისა და პრაქტიკის იდეალურ შერწყმას უზრუნველყოფს. უნივერსიტეტში იმუშავებთ ჯერ სიმულაციურ ცენტრში, ე.წ. ფანტომებთან, ხოლო შემდეგ - რეალურ პაციენტებთან, რომლებთანაც მოხსნილი გექნებათ ყოველგვარი კომპლექსი სიმულაციურ პაციენტთან მუშაობის შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ სწავლების სიმულაციური მეთოდი გრუნიში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან არის დანერგილი.
რატომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი?
თუ სტომატოლოგია თქვენთვის საინტერესო პროფესიაა, სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი დააკმაყოფილებს თქვენს მოლოდინს. აქ დაგხვდებიან კვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და წამყვანი მეცნიერები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ ინდუსტრიაში. ჩვენი პროგრამა მიჰყვება ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ახალ სასწავლო მოდელს - ინტეგრირებულ სწავლებას, რომელიც ითვალისწინებს სრულიად ახალი მეთოდების გამოყენებას სასწავლო პროცესში. უნივერსიტეტი უზრუნველყოფილია თანამედროვე მატერიალური რესურსით - სიმულაციური ცენტრით, ლაბორატორიებითა და საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკებით, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, სკოლის 23-წლიანი გამოცდილებით, რომლის დადებითი შედეგიც რამდენიმე წლის წინ აისახა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ამ დოკუმენტის თანახმად გრუნის სტომატოლოგიური პროგრამის კურსდამთავრებულებმა, სალიცენზიო გამოცდებზე, ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს და პირველი სარეიტინგო ადგილი მოიპოვეს ქვეყნის სამედიცინო პროფილის უნივერსიტეტებს შორის. ამ პროგრამის კურსდამთავრებულთა 90-97 პროცენტი დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს შემდგომ საგანმანათლებლო საფეხურზე.
სასწავლო გეგმა - მატრიცა