რა არის საჯარო მმართველობა?
საჯარო მმართველობა ინტერდისციპლინური დარგია. ის მოიცავს სასწავლო დისიპლინებისა და საკვლევი პრობლემების ფართო სპექტრს - აერთიანებს პოლიტიკის, სამართლის, ეკონომიკისა და სოციალური სფეროების ყველა იმ მიმართულებას, რომლებიც სახელმწიფო მმართველობის ფუნდამენტს წარმოადგენენ. სწორედ მათი ინტეგრირებით იმართება და რეგულირდება სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები.
რას გთავაზობთ აკადემიური პროგრამა საჯარო მმართველობა?
პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ცოდნა საჯარო მმართველობითი სისტემებისა და საერთაშორისო/ევროპული ინსტიტუტების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ. ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების საფუძველზე საჯარო მმართველობის პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გააანალიზონ და შეაფასონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესები, ამოიცნონ სოციალური პრობლემების ბუნება და მიზეზები, გაიაზრონ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესები და შეიმუშავონ პრობლემათა გადაჭრის ეფექტიანი გზები. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას კარიერული წინსვლისთვის ცენტრალური და მუნიციპალური მმართველობის აპარატში, საქართველოს და უცხო ქვეყნის წარმომადგენლობით სტრუქტურებში, სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საჯარო მმართველობის საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტებს უყალიბდებათ პროფესიული კატეგორიებით ოპერირებისა და ღრმა სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. უვითარდებათ მეცნიერული კვლევის კულტურა. პროგრამა საჯარო მმართველობა საშუალებას მოგცემთ მოემზადოთ, არა მარტო პროფესიული საქმიანობის დასაწყებად, არამედ შემდგომ საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.
რატომ უნდა გახდეთ საჯარო მმართველობის სპეციალისტი?
საჯარო მმართველობა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ძალაუფლება, ავტორიტეტი, ინსტიტუტები, სახელმწიფო, მთავრობა, პოლიტიკური პარტიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკური სამართლიანობა, თავისუფლება, დემოკრატია, მორალი და თანასწორობა. აღნიშნული სფერო განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ და გამოიყენონ საკუთარი ლიდერობის, ანალიზისა და კომუნიკაციის უნარები თავისუფალი და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, ეფექტური სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელებისა თუ კონფლიქტების მოგვარებისათვის. პროგრამა საჯარო მმართველობა საშუალებას მოგცემთ, გახდეთ მაღალი რანგის საჯარო მოხელეები, ლიდერები, რომელსაც შეუძლიათ იმუშაონ, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, სხვადასხვა დონის პოლიტიკურ და მმართველობით სტრუქტურებში.
საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნებიან შემდეგ სეგმენტში:
სახელმწიფო მმართველობის აპარატი - ცენტრალური და მუნიციპალური ორგანოები, უწყებები და ორგანიზაციები, მაღალი ან საშუალო დონის საჯარო მოხელის პოზიცია.
საერთაშორისო ორგანიზაციებში - უცხოეთში საქართველოს წარმომადგენლობებსა და ქვეყნის შიგნით საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლობებში მაღალი ან საშუალო დონის მენეჯერული პოზიცია.
ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში - მაღალი ან საშუალო დონის მენეჯერული პოზიცია.
რატომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი?
საჯარო მმართველობა ეს არის სფერო, რომლის შესწავლა ხელმისაწვდომია მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში, თუმცა გრუნი სწავლების განსხვავებულ, ორიგინალურ სისტემას გთავაზობთ. ის მოიცავს არა მარტო სასწავლო კურსების ფართო სპექტრს, არამედ სწავლების ეფექტურ მეთოდებს - მოდელირებას, როლურ თამაშებს, რეალური ქეისების ანალიზს და კვალიფიციური პასუხების მომზადებას ელექტრონული საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით (იხ. ვებგვერდი). ასეთი ცენტრი ერთადერთია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. ამავე დროს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტში შექმნილია განსხვავებული კომფორტული გარემო, გამართული ინფრასტრუქტურა და რეკრიაციული სივრცეები. თქვენს განკარგულებაში იქნება თანამედროვე ბიბლიოთეკა, სადაც არაერთი ქართული და უცხოური წიგნი და ციფრული ერთეულია წარმოდგენილი. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ უნივერსიტეტის მხარდამჭერი პროგრამები საკუთარი იდეებისა თუ ინიციატივების განსახორციელებლად, გაიარონ სასწავლო პრაქტიკა სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს სტაჟირების პროგრამებში და გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო უწყებებსა და სამინისტროებში. გრუნის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები დამატებით შესაძლებლობას იძლევა შრომის ბაზარზე დამკვიდრებისა და უცხო ქვეყნების გამოცდილების გასაცნობად. პროგრამის ორიგინალურობისა და სწავლების უახლესი მეთოდების გამოყენების შედეგად საჯარო მმართველობის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ რთულ და სწრაფად ცვალებად სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოში სწრაფი ადაპტირება, საერთაშორისო/ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული მართვის სტრატეგიების განსაზღვრა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსი, რომელიც ცნობილ და გამოცდილ მეცნიერებს აერთიანებს. რამდენიმე გვარის დასახელებაც კი საკმარისია ამის დასადასტურებლად - ვაჟა ლორთქიფანიძე, პაატა ზაქარეიშვილი, მერაბ ტურავა, თემურ მაისურაძე და სხვები.
სასწავლო გეგმა - მატრიცა