სამართლის სკოლაში მნიშვნელოვან რგოლია კრიმინალისტიკის ლაბორატორიული ცენტრი, რომელიც, თავისი აღჭურვილობით, უნიკალურია და ანალოგი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არ მოეპოვება. ლაბორატორიები აღჭურვილია უახლესი კრიმინალისტიკური ტექნიკით, სპექტრომეტრებით, ოპტიკური და ციფრული მიკროსკოპებით, დაქტილოსკოპიური მასალებით, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და სხვა ალტერნატიული სინათლის წყაროებით, ღამის ხედვის ხელსაწყოებით, საგამომძიებლო ქეისებით, ციფრული ფოტოტექნიკით და სხვა.
სტუდენტებს ემსახურება სატრენაჟორო ოთახი, რომელიც საცხოვრებელი ოთახის იდენტურია და მისი „მთავარი მომქმედი“ პირია თოჯინა-ფანტომი. ამ ოთახში პედაგოგის მიერ შექმნილი სიტუაციის გამოძიებას სტუდენტები აწარმოებენ. შემდეგ ხდება ჯგუფური განხილვა და ანალიზი. ლაბორატორიაში სტუდენტები მუშაობენ, ასევე, სიტუაციურ მაკეტებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ სხვადასხვა სიტუაციაში სწორი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უნარი გამოიმუშავონ.
ლაბორატორია აღჭურვილია აუდიო-ვიზუალური ტექნიკით, სპეციალიზირებული ვიდეო ფილმებით, და სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით, რომლის დემონსტრირებისა და ანალიზის საფუძველზე ხდება გამომძიებლისათვის საჭირო ცოდნისა და ინტუიციის ფორმირება.