სტომატოლოგიური საფანტომო ლაბორატორია, საქართველოში, პირველად ჩვენს უნივერსიტეტში შეიქმნა. ლაბორატორია, თავისი აღჭურვილობით და სწავლების მეთოდიკით, დღესაც უნიკალურია. ეს საშუალებას აძლევს სტომატოლოგიური პროგრამის სტუდენტებს პრე-კლინიკური მოდელირების კურსი გაიარონ ფანტომებზე, რაც საგრძნობლად ამაღლებს კლინიკური პრაქტიკის ეფექტს და, საბოლოო ჯამში, კურსდამთავრებულთა პროფესიულ დონეს.
ამის დასტურია ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიში საქართველოს მთავრობის სხდომაზე, რომლის მიხედვითაც ჩვენი სტომატოლოგიური პროგრამის კურსდამთავრებულები, სალიცენზიო გამოცდების შედეგებით, პირველ ადგილზე არიან.
რა არის საფანტომო ლაბორატორია? სტუდენტები ყველა შესაძლო სამკურნალო მანიპულაციას ფანტომზე ანუ თოჯინაზე ატარებენ. ფანტომი მაქსიმალურადაა დაახლოებული ადამინის ყბა-სახის აგებულებასთან, სტუდენტები პროფესიული ბორმანქანით ამუშავებენ კბილებს, ატარებენ სამკურნალო მანიპულაციებს, დაბჟენას, ახდენენ კბილების რეზექციას (ამოღებას) და ა.შ..
ამ კურსის გავლის შემდეგ კლინიკაში მისულ სტუდენტებს მოხსნილი აქვთ ნამდვილ პაციენტთან ურთიერთობის ყოველგვარი ფსიქოლოგიური კომპლექსი, აბსოლუტური სიმშვიდით ატარებენ სამკურნალო მანიპულაციებს და სამკურნალო სქემებსაც მართებულად ადგენენ.
ამას ხელს უწყობს თითოეულ საფანტომო მაგიდასთან დამონტაჟებული ტელევიზორი და ვიდეო კამერა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ნახონ, როგორც თავიანთი მუშაობის ჩანაწერი, ისე სპეციალური სასწავლო ფილმები.