გერბის აღწერა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გერბის აღწერა

გერბი განთავსებულია ვერცხლისფერ ფონზე, რომელსაც ოქროს რკალი და წრე აქვს შემოვლებული. ამ ორ რკალს შორის, ლაჟვარდისფერ ფონზე, შვიდი ვერცხლის ვარსკვლავია განლაგებული, რომლებიც შვიდ თავისუფალ ხელოვნებას შეესატყვისება. შვიდი თავისუფალი ხელოვნება (გრამატიკა, რიტორიკა, ლოგიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია) შუა საუკუნეების საუნივერსიტეტო განათლების საფუძველთა საფუძველს ქმნიდა. სწორედ მისი შესწავლა იყო მეცნიერული ცოდნის (ფილოსოფია და თეოლოგია) დაუფლების წინაპირობა. აღნიშნული შვიდი ვარსკვლავი მიანიშნებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთგულებას კლასიკური საუნივერსიტეტო განათლების პრინციპებისადმი.

 

საგერბო ფარი დაყოფილია ოთხ ველად.

 

პირველ ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ორი წმ. ანდრიას ჯვრის მსგავსად გადაჯვარედინებული ოქროს გასაღები, რაც უნივერსიტეტის, როგორც ცოდნის ლეგიტიმური მფლობელი დაწესებულების სიმბოლოა.

 

მეორე მეწამულ ველზე განთავსებულია ანტიკური პერიოდის ტაძრის ოქროსფერი გამოსახულება. ის მიანიშნებს უნივერსიტეტზე, როგორც ცოდნის ტაძარზე, სადაც ცოდნის გენერაცია და შემდგომი თაობებისათვის მისი გადაცემა ხდება.

 

მესამე ლაჟვარდოვან ველზე განთავსებულია სამი ვერცხლის წიგნი. წიგნებზე, ასომთავრული ქართულით, შემდეგი თანმიმდევრობით, ამოტვიფრულია ასო-ნიშნები: „ა“, „თ“ და „ი“. ისინი აღნიშნავენ იმ სამ პრინციპს, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ემყარება. ეს პრინციპებია: უნივერსიტეტის ავტონომიურობა, სწავლებისა და კვლევის თავისუფლება და ინტერკულტურულობა. ამასთანავე, ამ სამი ასო-ნიშნის ერთობლიობა ქმნის რიცხვს „10“, რაც, პითაგორელთა მოძღვრების მიხედვით, სისრულესა და ჰარმონიას აღნიშნავს.

 

მეოთხე ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია სამი ოქროს ჩირაღდანი, რომელზეც არაბული ციფრებით აღნიშნულია უნივერსიტეტის დაარსების თარიღი: 1992 წელი. ჩირაღდანი სიმბოლურად აღნიშნავს ცოდნას და უნივერსიტეტს, როგორც მის გამავრცელებელ ინსტანციას.

 

ფარის ქვემოთ, საგერბო გრაგნილზე, ლათინურად წერია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დევიზი: Scientia et Veritas („ცოდნა და ჭეშმარიტება“). აღნიშნული დევიზი მიუთითებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო იდეალზე: შექმნას ცოდნა, გაავრცელოს ის და ამის მეშვეობით ესწრაფვოს ჭეშმარიტებას.