გრიგოლ რობაქიძის ანდერძი
ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახვის მე მცხეთა, იგი წმინდა საშოა ჩვენი მიწისა. იქ ეგულებოდა ჩემს ძვლებს საფლავი კარდჰუსი. მცხეთის მიდამო აირჩიეს ძველმა მოგვებმა, ერთი ადგილი: იქ ადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ მზესა და ცეცხლს, მცხეთის უბეში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს რჯული, აქ გამოსჭრა ნინომ ჯვარი ვაზისა ნასხლავებისაგან და მოახვია მას თავისი თმები, იქვე მტკიცდებოდა ხელმწიფება საქართველოში.
აი, მცხეთა, როგორც კამარამოკლებული „მთელი" ერთი დაუწერელი პოემა – ღვთიურისა და ადამიანურის ურთიერთზიარებისა. „სვეტიცხოველი" ამ ზიარების ქვით ნაშენი ტანია, შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში პაწა სალოცავს, ძველისძველად აშენებულს, ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ.
თუ ზემოხსენებული ამბები ქართული გენიის ნაპერწკალია, ეს სალოცავი ამ მადლის განმარტებაა თვითონ, იგი თითქმის აკვანია იმ პირველ ლოცვისა, რომელიც აქ აღმოხდათ ღვთის ძის მიმართ მღვივარ გულებს. ჩვენს ძველებს ხელი არ უხლიათ მისთვის, რათა არ წაშლილიყო პირველი ლოცვის ნეტარმაცხოვლებელი კვალი. რა სინაზეა აქ, რა სისუფთავეა ნივთიერებისადმი, რომელშიაც ადამიანში შობილ ღვთიურ ნაკადს გაუვლია...
ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს!