მიმდინარე წლის 8 - 9 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია: „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა- გივი მიქანაძემ გახსნა.
კონფერენციაზე განიხილეს:
- საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების შემდგომი ეტაპები;
- მეცნიერების განვითარების ახალი ტენდენციები უმაღლესი განათლების რეფორმის კონტექსტში;
- ექსპერტთა შერჩევის, შეფასებისა და პროფესიული განვითარების მექანიზმები;
- სადოქტორო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა;
- სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პრაქტიკა;
- უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციის გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები;
- აკრედიტაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები.
მინისტრმა ისაუბრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შესახებ და კონფერენციის მონაწილეებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) ცენტრის რეგისტრაციის აღდგენა მიულოცა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა - ლაშა მარგიშვილმა, 2026 წლის საქმიანობა შეაჯამა და ცენტრის სამომავლო გეგმები გააცნო კონფერენციის მონაწილეებს.
პანელურ დისკუსიაში გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი - გოჩა ოჩიგავა - მონაწილეობდა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო გრუნის აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის კვლევითი საქმიანობის მხარდამჭერი ღონისძიებები, ასევე, ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო შესაძლებლობების წამოჩენა/წახალისების მექანიზმები და კვლევის ინტერნაციონალიზაციის მიზნით გრუნის მიერ გაწეული საქმიანობა. პროფესორმა კონფერენციის მონაწილეებს რამდენიმე საინტერესო წინადადებაც გაუზიარა, რომელთა შემდგომი განხილვა-გაანალიზება აუცილებელ საჭიროებად მიიჩნიეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ქოქრაშვილმა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ლაშა მარგიშვილმა მადლობა გადაუხადა გოჩა ოჩიგავას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, პროფესორი ემიოლა ოლუვაბუნმი ოლაპადე-ოლაოპა, ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) გენერალური მდივანი ალ გირდას უტკუსი, FIBAA-ის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი რებეკა ველკერი და WFME-ის ყოფილი პრეზიდენტი, NCEQE-ის საკოორდინაციო საბჭოს წევრი დევიდ გორდონი.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა