გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, სოფო თუმანოვი, მდგრადი განვითარების ოლიმპიადის ფინალში საქართველოსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს წარადგენს.
მდგრადი განვითარების ოლიმპიადა წარმოადგენს ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საკონკურსო შესაძლებლობას, რომელიც სტუდენტებს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განსახორციელებლად ინოვაციური ბიზნესკონცეფციების შემუშავების შესაძლებლობას სთავაზობს.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ოლიმპიადას უკვე მეორედ მასპინძლობს. გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული სოციალური მეწარმეობის ლაბის (SE Lab) ფარგლებში, სოფო თუმანოვს შესაძლებლობა მიეცა, ემუშავა საკუთარ ბიზნესიდეაზე, დაეხვეწა კონცეფცია და მოემზადებინა იგი საერთაშორისო კონკურსისათვის.
პროექტის შემუშავების პროცესს ლიბრა ალიანსის დამფუძნებელი და გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელი, პროფესორი მეჰდი მაჯიდი და ცენტრის გუნდი - თამარ ბიწაძე, ნინო საჩალელი და მარიამ გურეშიძე - ხელმძღვანელობდნენ. ივლისიდან, სოციალური მეწარმეობის ლაბის (SE Lab) ფარგლებში, სტუდენტთან არაერთი ონლაინ საკონსულტაციო სესია ჩატარდა.
სოფოს მიერ შექმნილი ბიზნესკონცეფცია - Farmer’s Helper - მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის უფრო მდგრადი და ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობას. პროექტი ფოკუსირებულია ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებაზე, რომლებიც ფერმერებს რესურსების უფრო ეფექტიანად მართვასა და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
ოლიმპიადის ფინალისტის სტატუსი სოფოს შესაძლებლობას აძლევს, ჟენევის უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით გაემგზავროს შვეიცარიაში და მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადის ფინალურ ღონისძიებაში. ფინალურ ტურში იგი საკუთარ ბიზნესკონცეფციას საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარადგენს და შესაძლებლობა ექნება, იდეა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და პოტენციურ ინვესტორებს გააცნოს.
გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრი ულოცავს სოფო თუმანოვს მიღწეულ შედეგს და წარმატებას უსურვებს მდგრადი განვითარების ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა