2026 წლის 11 - 14 სექტემბერს ქალაქი ფოთი მასპინძლობდა გრუნის ასოცირებულ პროფესორსა და სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორს - გოჩა ოჩიგავას.
11 სექტემბერს გაიმართა გოჩა ოჩიგავას შემოქმედებითი საღამო, რომლის მხარდამჭერები იყვნენ: ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება.
საღამო გახსნა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა, ზურაბ ტიბუამ. საღამოს თავად პოეტი უძღვებოდა. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ახალგაზრდა შემოქმედის ლექსები, ჩანახატები, რომლებიც მის შვილებთან ერთად ფოთელმა ახალგაზრდებმა წაიკითხეს. ამაღელვებელი იყო ფოთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციები (ლოტბარ-რეგენტი: რომეო ზარქუა), თბილი და დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა ფოთის კოლორიტს, პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, მე - 8 საჯარო სკოლის დირეტორს, ჭაბუკი ქოიავას. საზოგადოებას მიესალმა ბიჭვინთელი პოეტი, პედაგოგი, ლალი სამუშია. საღამოზე წამოდგენილი იყო რამდენიმე ფოტო და ვიდეოკოლაჟი გაგრაზე და გოჩა ოჩიგავას სიმღერები (ვიდეოკლიპი) ოთო ნემსაძისა და ვენის საოპერო მომღერალ მარიამ კუბლაშვილის შესრულებით. გოჩა ოჩიგავამ, ასევე, წარადგინა სამი პოეტურ-შემეცნებითი კრებული, რომლებიც დაიბეჭდა გრუნის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ საგამოფენო სივრცეში გოჩა ოჩიგავას ნახატებიც დაეთვალიერებინათ.
მომდევნო დღეებში გრუნის პროფესორმა საინტერესო შეხვედრები გამართა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან და ესაუბრა მათ გრუნის საგანმანათლებლო პროგრამებზე, იმ შესაძლებლობებსა და შეღავათებზე, რომლებიც დაწესებულია მათთვის, ვინც ირჩევს გრუნის!
პროექტი ხორციელდება ლიტერატურული მარათონის: მატარებელი თბილისი - გაგრას - ფარგლებში, აფხაზეთის თემაზე ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელშეწყობის მიზნით.
გრუნი მადლობას უხდის ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანებას გრუნის პროფესორის მოწვევისა და შემოქმედებითი საღამოს ორგანიზებისთვის.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა