გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება, რომელშიც გაერთიანებული არიან გრუნის აკადემიური პერსონალი წარმომადგენლებიც. კრებას უძღვებოდა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი, გრუნის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
კრებაზე წარმოადგინეს ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-18 ნომერი, რომელშიც გამოქვეყნებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტის, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“ - მასალები.
ამასთან ერთად, კრებაზე განიხილეს კრიმინოლოგიის დღის დაწესების, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დაარსების 10 წლის იუბილის აღნიშვნისა და აკადემიის ახალი წევრების დასახელების საკითხებიც.
მიღებული გადაწყვეტილებით: „კრიმინოლოგიის დღე“ აღინიშნება ყოველი წლის 25 მაისს; 2027 წლის ამ დღეს კი აკადემიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ხელოვნური ინტელექტი - სოციალური მოვლენა“.
კრებაზე აკადემიის ახალ წევრებად დასახელდნენ: იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი ლობჟანიძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა სურგულაძე; ინფორმატიკის დოქტორი, პროფესორი ნატალი სიდამონიძე და უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორი, დოქტორანტი ლიკა გრიშიკაშვილი;
კრებაზე განხილული საკითხების შესახებ აზრი გამოთქვეს: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა მამუკა თავხელიძემ; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსმა, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის გენერალურმა მრჩეველმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა: პოლიკარპე (თემურ) მონიავამ, ეკატერინე შენგელიამ, სალომე კაპანაძემ, მიხეილ მამნიაშვილმა, ასევე, საქართველოს სდსს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ფოჩხუამ.
განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსს, თამაზ შილაკაძეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის - ილია II -ის ხსოვნის უკვდავსაყოფად, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სახელით, საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა ხეზე გამოკვეთილი მისი პორტრეტი, რომელიც წარმოადგინა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, აკადემიის წევრმა კობა ბუაძემ.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა