საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 - თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge - ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ
გამოცხადებულ 3 000-მდე ვაკანსიაზე.
სტაჟიორად შეიძლება, მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა - 71 - 100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA - 2.7 - 4.0). ამასთან, უწყებები, სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შეაფასებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟირება - საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე - userhr@gov.ge

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა