იტვირთება...
უნივერსიტეტიდან საზოგადოებამდე - მედიაციის ცენტრმა 1200-ზე მეტი ახალგაზრდა გააერთიანა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტიდან საზოგადოებამდე - მედიაციის ცენტრმა 1200-ზე მეტი ახალგაზრდა გააერთიანა


სრულდება სასწავლო წელი და გრუნის მედიაციის ცენტრი წლის შედეგებს აჯამებს.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის, ცენტრმა შექმნა ახალგაზრდებზე ორიენტირებული უწყვეტი საგანმანათლებლო მოდელი, რომელმაც საქართველოს მასშტაბით უკვე 80-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლა და 1200-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა. ინიციატივა გულისხმობს სკოლებში განხორციელებულ გასვლით ინტერაქტიულ ტრენინგებსა და უნივერსიტეტში ჩატარებულ მასშტაბურ ტრენინგ-კონკურსებს: „მოლაპარაკება, ლიდერობა, მედიაცია“, რითიც იქმნება განათლების, პრაქტიკისა და საზოგადოებრივი ჩართულობის ერთიანი პლატფორმა.

 

მედიაციის ცენტრის ინიციატივა მოკლე დროში იქცა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტად, რომლის განსაკუთრებული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულად პასუხობს უნივერსიტეტის სტრატეგიის პრიორიტეტებს, ხელს უწყობს საზოგადოების განვითარების მხარდაჭერას, ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, დიალოგისა და მშვიდობიანი კომუნიკაციის კულტურის დამკვიდრებას, ქმნის განათლებასა და პრაქტიკას შორის მჭიდრო და რეალურ კავშირს.

 

პროგრამა პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების წარმატებული მოდელია, რომელიც მოიცავს ჯგუფურ აქტივობებს, სიმულაციებს, როლურ თამაშებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეები ეცნობიან მედიაციის არსსა და მნიშვნელობას, მოლაპარაკების ხელოვნებას, ეფექტური კომუნიკაციის პრინციპებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მართვის თანამედროვე მექანიზმებსა და მედიატორის როლს. ინიციატივის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის მდგრადი თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება. ტრენინგებში სტუდენტები თანატრენერებად, ფასილიტატორებად და ასისტენტებად გვევლინებიან და ეძლევათ შესაძლებლობა, რეალურ საგანმანათლებლო გარემოში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, განივითარონ ლიდერული, საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო და გუნდური მუშაობის უნარები, რაც თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

შედეგად, ყოველწლიურად იზრდება როგორც პროექტში მონაწილე სკოლების, ისე ტრენინგ-კონკურსში ჩართვის მსურველთა რაოდენობა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ გრუნის სასწავლო გრანტები, გაეცნონ უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოს და ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში. მედიაციის ცენტრმა 30 გასვლითი ტრენინგი ჩაატარა, როგორც თბილისის, ისე რეგიონების კერძო და საჯარო სკოლებში.

 

გრუნის მედიაციის ცენტრის ინიციატივა დღეს უკვე წარმოადგენს მდგრად საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ მოდელს, რომელიც აერთიანებს სკოლებს, უნივერსიტეტს, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს საერთო საგანმანათლებლო მიზნის ირგვლივ. პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების, სტუდენტთა აქტიური ჩართულობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ინტეგრირებით ინიციატივა ქმნის განათლებასა და პრაქტიკას შორის რეალურ კავშირს, ხელს უწყობს მედიაციის კულტურისა და არაფორმალური განათლების განვითარებას და წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრატეგიული ხედვისა და საზოგადოებრივი მისიის წარმატებულ განხორციელებას.