იტვირთება...
გრუნის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი - ნინა გერსამია, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი - ნინა გერსამია, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის, ცენტრის ხელმძღვანელი, სამართლის სკოლის დოქტორანტი - ნინა გერსამია, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.

 

გადაწყვეტილება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის 2026 წლის 21 ივნისის რიგგარეშე საერთო კრების მიერ იქნა მიღებული. აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მედიატორთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისა და ტრენინგების დანერგვა, მედიაციის სფეროში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მათი პროფესიული საზოგადოებისთვის გაზიარება.

 

ნინა გერსამია არის იურისტი, ადვოკატი, აკრედიტებული მედიატორი, სერტიფიცირებული ტრენერი და სამართლის დოქტორანტი. 2022 წლიდან იგი ხელმძღვანელობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრს, რომლის საქმიანობა ორიენტირებულია მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაზე, საგანმანათლებლო, კვლევითი და პრაქტიკული პროექტების განხორციელებაზე, სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტების პროფესიული უნარების გაძლიერებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობაზე.

 

ნინა გერსამიას მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც იურიდიულ პრაქტიკას, ისე მედიაციის სფეროში ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი. პროფესიული განვითარების ფარგლებში გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასწავლო პროგრამა, მათ შორის, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის, აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), ევროპის საბჭოს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს ნინა გერსამიას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევას და წარმატებას უსურვებს ახალი პროფესიული პასუხისმგებლობის განხორციელებაში.