იტვირთება...
სტუდენტთა სასწავლო-კვლევითი პროექტი "თბილისის ებრაული მემკვიდრეობა"

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა სასწავლო-კვლევითი პროექტი "თბილისის ებრაული მემკვიდრეობა"


2026 წლის 14 ივნისს სასწავლო-კვლევითი პროექტის - „თბილისის ებრაული მემკვიდრეობა" - ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის "ჰოლოკოსტის ისტორიის" კურსის სტუდენტები: მარიამ ჩაფიძე, ნინო საკანდელიძე, თიკო მჭედლიშვილი და აკაკი ერგემლიძე, ასოცირებული პროფესორის - ნონა ჭანტურიას, ხელმძღვანელობით, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმსა და თბილისის დიდ სინაგოგას სტუმრობდნენ.

 

პროფესორმა სტუდენტებს გააცნო მუზეუმის ისტორია და აქ დაცული უნიკალური მასალები, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული ღირებულება გააჩნიათ როგორც ებრაელების, ისე ქართველებისათვის და 26-საუკუნოვანი მეგობრობის შესანიშნავი დასტურია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან ექსპონატებს, როგორებიცაა: ლაილაშის ბიბლია, ბრეთის ანუ ავალიანთ ბიბლია, ჭიანურაშვილების ფსალმუნი, შალომ კობოშვილის ფერწერული ტილოები, ეთნოგრაფიული მასალა და რიტუალური ნივთები.

 

სტუდენტებმა, ასევე, დაათვალიერეს თბილისის დიდი სინაგოგა, რომელიც ებრაული რელიგიური არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია და თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ-კულტურულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

 

პროექტის მიზანია, სტუდენტებმა მუზეუმსა და სინაგოგაში მიღებული გამოცდილება დაუკავშირონ „ჰოლოკოსტის ისტორიის“ კურსის თემატიკას, ებრაული მეხსიერების, იდენტობისა და ისტორიული მემკვიდრეობის საკითხებს, შექმნან მცირე ესეები, მონაწილეობა მიიღონ კურსის ხელმძღვანელის გამოკითხვაში და იკვლიონ ქართულ-ებრაული ურთიერთობები და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა.