იტვირთება...
გრუნის სტუდენტი - საერთაშორისო სემინარის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტი - საერთაშორისო სემინარის მონაწილე

2026 წლის მაისში საქართველოს ახალგაზრდები მონაწილეობდნენ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის - Erasmus+ Youth Exchange, პროექტში „CivicRise“, რომელიც საბერძნეთის ქალაქ კომოტინიში გაიმართა.

 

საქართველოს წარგზავნილებს შორის იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი - მარიამ სვიანაძე, რომლის მონაწილეობაც პროექტში შესაძლებელი გახდა პარტნიორი ახალგაზრდული ასოციაციის - „დრონი”, მხარდაჭერით.

 

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების აქტიური მოქალაქეობრივი, სოციალური ჩართულობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა.

 

პროგრამა დატვირთული იყო მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობებით: ახალგაზრდებმა ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების გამოყენებით მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ თამაშებსა და სიმულაციებში, გაეცნენ 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას, პრაქტიკულად შეასრულეს მიღებული დავალებები, ჩაერთნენ ტრენინგში ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტების შესახებ და სხვა.

 

პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ეწვივნენ კომოტინის მუნიციპალურ დაწესებულებებს და შეხვდნენ ქალაქის მერს, რომელმაც სტუმრებს გააცნო ქალაქის განვითარების ისტორია და ახალგაზრდული პოლიტიკა. შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა.

 

ახალგაზრდები კულტურულ ღონისძიებებშიც იყვნენ ჩართული, კულტურულ საღამოებზე მათ წარადგინეს თავიანთი ქვეყნის ტრადიციები, კულტურა, წეს-ჩვეულებები და ტრადიციული კერძები. ასევე, გაეცნენ საბერძნეთის ღირსშესანიშნაობებს.

 

განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა სემინარის მონაწილეების დასწრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების კალათბურთის მატჩზე, მატჩის შემდეგ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს თავადაც ჰქონდათ შესაძლებლობა, ეტლით ეთამაშათ კალათბურთი, რაც დაეხმარებათ თანასწორობისა და ინკლუზიის მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში.

 

პროექტი „CivicRise“ მონაწილეებისათვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელმაც ახალგაზრდებს ახალი ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება შესძინა.