მიმდინარე წლის 29 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მასშტაბური კვლევითი პროექტის - „გამოჩენილი და ცნობილი უცხოელი მიგრანტები საქართველოში” - ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები მიგრანტების მიერ დატოვებული კულტურული და ისტორიული კვალის წარმოჩენაა, უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ბაზაზე, ცენტრის დირექტორის, ლელა გოგინავას ხელმძღვანელობით განხორციელდა. მონაცემთა მოძიებასა და დამუშავებაში, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, მაკა ფირანაშვილის კურატორობით, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ხანგრძლივი და შრომატევადი კვლევის შედეგები, რომლებიც აერთიანებს ორ მთავარ კომპონენტს:
- ვრცელი აკადემიური მონაცემთა ბაზა: სტუდენტების მიერ შეიქმნა დეტალური კატალოგი, რომელიც მოიცავს მიგრანტების ბიოგრაფიულ ცნობებს, ზუსტ გეოგრაფიულ კოორდინატებს (ქუჩები, შენობები, მემორიალური დაფები), მათ ეროვნებასა და მოღვაწეობის სფეროს. ყოველი ჩანაწერი გამყარებულია შესაბამისი ლიტერატურული და ბიბლიოგრაფიული წყაროებით.
- ინტერაქციული რუკა: მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით შეიქმნა დინამიკური რუკა, რომელიც ვიზუალურად ასახავს მიგრანტთა კვალს თბილისის მასშტაბით. რუკაზე დატანილია ასობით ლოკაცია, რაც სრულიად ახალი პერსპექტივიდან გვიხსნის დედაქალაქისა და ქვეყნის ისტორიის აქამდე უცნობ ან ნაკლებად შესწავლილ გვერდებს.
მოცულობითი ინფორმაციის დამუშავება, კოორდინატების სიზუსტე და წყაროების აკადემიური ვალიდურობა ცხადყოფს იმ კოლოსალურ შრომას, რომელიც სამუშაო ჯგუფმა გასწია. მსგავსი ფორმატის, შინაარსისა და სიზუსტის მქონე ინტერაქციული რუკა უპრეცედენტოა საქართველოს მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ შექმნილი ბაზა უაღრესად მნიშვნელოვანი რესურსია უნივერსიტეტში მულტიდისციპლინური კვლევების განსახორციელებლად. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევრებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაცემები მიზნობრივად გამოიყენონ ახალი სამეცნიერო-ანალიტიკური ნაშრომების მოსამზადებლად (ისტორიის, კულტუროლოგიის, ტურიზმის თუ სხვა მიმართულებით), საგრანტო პროექტების დასაგეგმად და სასწავლო პროცესის გასამდიდრებლად.
სამომავლოდ იგეგმება პროექტის არეალის გაფართოება ქვეყნის რეგიონებში და, პარალელურად, უკვე დასრულებული პირველი ეტაპის კვლევის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა. ამასთან, პროექტის შედეგებზე საჯაროობის უზრუნველსაყოფად, უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება სპეციალური ბმული, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება თავისუფალი წვდომა შექმნილ ინტერაქციულ რუკაზე.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა