იტვირთება...
საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გრუნიში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ინიციატივით, გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „მიგრაცია და მართვა: გამოწვევები, პოლიტიკა და პრაქტიკა“.

 

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მიგრაციის თანამედროვე პროცესების შესახებ მსჯელობა, მისი მართვის მრავალგანზომილებიანი ასპექტების გააზრება და აღნიშნულ გამოწვევებთან დაკავშირებით ცოდნისა თუ მოსაზრებების გაზიარება.

 

კონფერენცია გახსნა გრუნის რექტორის მოადგილემ - თამარ ლაღიძემ. მთავარმა მომხსენებელმა, უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ასისტენტ - პროფესორმა ლელა გოგინავამ ისაუბრა თანამედროვე საქართველოში ქალთა განმეორებითი მიგრაციის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი პარადოქსების შესახებ.

 

კონფერენციის საპატიო სტუმარი გახლდათ მარი რუიზი - ჟიულ ვერნის სახელობის პიკარდის უნივერსიტეტის (ამიენი, საფრანგეთი) ასოცირებული პროფესორი, ბრიტანეთის ისტორიისა და მიგრაციის მკვლევარი. მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა უაღრესად საინტერესო მოხსენება გენდერულ ჭრილში ევროკავშირის მიგრაციის მართვის გადააზრების შესახებ.

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამი სამუშაო სესია.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის, აღმოსავლეთ ევროპის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა განიხილეს მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები:

  • მიგრაციის მართვა გლობალურ კონტექსტში;
  • მიგრანტთა კულტურული მეხსიერების ციფრული მართვა;
  • შრომითი და იძულებითი მიგრაცია, ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები;
  • საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტების ინტეგრაცია, გამოწვევები და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

 

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტმა: ვახტანგ ჭარაიას, თამარ ლაღიძისა და თსუ-ს მოწვეული ლექტორის გიორგი ბაღდავაძის შემადგენლობით, გამოავლინა 8 საუკეთესო მომხსენებელი, რომელთა ნაშრომებიც დაიბეჭდება მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ჟურნალში.

 

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს კონფერენციის მუშაობაში ჩართვისა და საინტერესო მოსაზრებების გაზიარებისათვის.