2026 წლის 1 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ტეხას A&M უნივერსიტეტის სამი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროგრამის წარმატებით დასრულების საზეიმო ცერემონია:
- „Thinking Outside the Box“ ლიდერობის პროგრამა - სამთვიანი პროგრამა, რომელიც განკუთვნილია სკოლის დირექტორებისა და უმაღლესი განათლების ხელმძღვანელებისათვის, მოიცავს ლიდერობას, ეფექტურ კომუნიკაციას, ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას, ქოუჩინგსა და თანამშრომლობას;
- TESOL პროგრამა – პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საგანმანათლებლო სფეროში;
- „Paths to Publication“ პროგრამა - კვლევითი სემინარები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერას აკადემიური წერის, პუბლიკაციისა და გრანტების მოპოვების მიმართულებით.
ღონისძიება გახსნა ანა აბესაძემ - გრუნის რექტორის მრჩეველმა. განათლების სფეროში ინოვაციების, ლიდერობისა და ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს: გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა ბესელიამ, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი დიპლომატიის მრჩეველმა ჰარვი სერნოვიცმა.
პროგრამები შეაჯამეს და მონაწილეთა მიღწევები წარადგინეს ტეხას ა&მ უნივერსიტეტის განათლების ლიდერობის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა: უიოკ ჰანსონმა, ბევერლი ირბიმ, რაფაელ ლარა-ალესიომ, ჯიმ ლინჩმა, მაჰრინ გაიასმა და მოჰამედ სეიედმა.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 2022 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან, ამ ხნის განმავლობაში განხორციელებულ ყველა ერთობლივ პროექტში, გრუნის ფინანსური მხარდაჭერით, მონაწილეობდნენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორები, ინგლისური ენის მასწავლებლები, მოსწავლეები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გრუნის განსაკუთრებულ წვლილს განათლების განვითარებისა და ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერების საქმეში.
სამივე პროგრამის კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს გრუნისა და ტეხას A&M უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისათვის.
ცერემონია სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა