იტვირთება...
ლელა გოგინავა COST Action-ის პროექტების მენეჯმენტის კომიტეტის წევრად აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლელა გოგინავა COST Action-ის პროექტების მენეჯმენტის კომიტეტის წევრად აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი, ასისტენტ-პროფესორი ლელა გოგინავა COST Action-ის (ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში) ორი ახალი პროექტის მენეჯმენტის კომიტეტის წევრად აირჩიეს. ეს პროექტებია: „მეცნიერება დიპლომატიაში“ (SiDnet) და „ლიტერატურული მულტილინგვიზმი და სოციალური ტრანსფორმაციები სუპერმრავალფეროვან საზოგადოებებში“ (MultiLiLiTrans).

 

პროექტი „მეცნიერება დიპლომატიაში“ წარმოადგენს ინტერდისციპლინურ სამეცნიერო ქსელს, რომლის მიზანია მეცნიერებისა და დიპლომატიის მექანიზმების გაძლიერება. პროექტი ფოკუსირებულია მრავალმხრივი პოლიტიკის შემუშავების პროცესში მეცნიერული ცოდნის ინტეგრირებაზე, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გლობალური გამოწვევების დასაძლევად. იგი აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებსა და სხვადასხვა სექტორის ექსპერტებს სამეცნიერო კვლევებსა და საერთაშორისო პოლიტიკას შორის მჭიდრო კავშირის შესაქმნელად.

 

მეორე პროექტი „ლიტერატურული მულტილინგვიზმი და სოციალური ტრანსფორმაციები სუპერმრავალფეროვან საზოგადოებებში“ ხელს უწყობს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ საგანმანათლებლო სისტემაში მრავალენოვნების ინტეგრირებას და ებრძვის განათლებაში გამჯდარ მონოლინგვურ სტრუქტურებს.

 

მენეჯმენტის კომიტეტში არჩევა მკვლევრის საერთაშორისო აღიარებაა, რადგან ეს ორგანო COST Action-ის სტრატეგიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. კომიტეტის წევრები განსაზღვრავენ პროექტის სამეცნიერო პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმას, ზედამხედველობენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობასა და ბიუჯეტის განაწილებას, ასევე, კოორდინაციას უწევენ საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამეცნიერო ქსელის გაფართოებას ევროპის მასშტაბით.

 

ლელა გოგინავას ჩართვა მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში ხელს უწყობს ქართველი მკვლევრების ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში და აძლიერებს უნივერსიტეტის როლს საერთაშორისო სამეცნიერო დიპლომატიის პროცესში.