იტვირთება...
ნინო ჭაღიაშვილი - ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნინო ჭაღიაშვილი - ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი ნინო ჭაღიაშვილი ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა, რომელიც ესპანეთში, მადრიდში, გაიმართა.

 

კონგრესი წარმოადგენს საერთაშორისო ფორუმს, სადაც თანამედროვე მეცნიერება, კლინიკური პრაქტიკა და სამომავლო ინოვაციები ერთიანდება.

 

გრუნის პროფესორი წარსდგა როგორც მომხსენებლი და როგორც გულის ტრანსპლანტაციის სესიის თავმჯდომარე.

 

როგორც მომხსენებელმა, კონგრესზე ნინო ჭაღიაშვილმა წარადგინა კლინიკური შემთხვევა: „პერიკარდიტი: დაავადების პროგრესირება თუ ICI-ით გამოწვეული გართულება?“. შემთხვევის აღწერით პროფესორმა კონგრესის მონაწილეებს გააცნო ის რთული დიაგნოსტიკური და თერაპიული გამოწვევები, რომლებიც ახლავს კარდიოონკოლოგიას და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას თავისი გამოცდილებაც გაუზიარა. კარდიოონკოლოგია ერთ-ერთი უახლესი მიმართულებაა, რომელიც გულისხმობს კარდიოლოგიური და ონკოლოგიური ცოდნის ინტეგრირებას, ამდენად, მნიშვნელოვანია ამ სფეროში არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლა, რასაც მსგავსი საერთაშორისო შეკრება უზრუნველყოფს.

 

როგორც გულის ტრანსპლანტაციის სესიის თავმჯდომარემ, ნინო ჭაღიაშვილმა, აღნიშნა, რომ მსგავსი სესიები არა მხოლოდ ახალი მონაცემების გაცვლის, არამედ სამედიცინო სტრატეგიების შემუშავების სივრცეცაა, რომელზეც განიხილება პაციენტთა სიცოცხლის გადარჩენისა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი საკითხები. ის არა მხოლოდ ცალკეული პაციენტის ბედს განსაზღვრავს, არამედ აჩვენებს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებსა და სამეცნიერო პროგრესის მიმართულებებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს სფერო ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და რეგულაციური ბაზის ჩამოყალიბებას საჭიროებს, უკვე შეინიშნება პროგრესი, რაც მომავალში პაციენტთა მკურნალობის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას გახდის შესაძლებელს.

 

ESC-ის კონგრესზე მიღებული გამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კარდიოონკოლოგია და გულის ტრანსპლანტაცია არის დარგები, რომელთა განვითარებაში საქართველოს მონაწილეობა არა მხოლოდ საჭირო, არამედ გარდაუვალი პროცესია. ეს არის ცოდნაზე, გამოცდილებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე აგებული გზა, რომელიც პაციენტთა უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს.