2025 წლის 16 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წარადგინა ახალი, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც უკავშირდება მდგრადი განვითარების პრინციპების, პასუხისმგებლიანი მენეჯმენტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას განათლებაში.
მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, სასერტიფიკატო კურსები მდგრადობის მიმართულებითა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც თანამედროვე ბიზნესსა და მენეჯმენტში AI-ის რაციონალურ გამოყენებაზეა ორიენტირებული, მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტების, ისე მოქმედი პროფესიონალებისათვის, რომლებიც ისწრაფვიან საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული თანამედროვე ცოდნის მიღებისა და მდგრადი განვითარების პროცესებში აქტიური მონაწილეობისკენ.
გრუნის ინიციატივა აერთიანებს მდგრადი ბიზნესის, პასუხისმგებლიანი მენეჯმენტისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებს, რაც პირდაპირ პასუხობს შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს. ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა კი სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკულ და ინტერდისციპლინურ ცოდნას AI-ის გამოყენებაზე ბიზნესში, მენეჯმენტსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
პროგრამები ხელმისაწვდომია აბიტურიენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ბიზნესსექტორში მდგრადი განვითარების პრინციპების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინტეგრირებით.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარების ახალი საგანმანათლებლო პროგრამები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მარტო სტუდენტების, არამედ სხვადასხვა თაობის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიულ განვითარებას, რაც შესაბამისად აისახება ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაზეც.
რექტორის მოადგილემ, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა - ვახტანგ ჭარაიამ, უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა - თამარ ბიწაძემ, ცენტრის თანადამფუძნებელმა, Libra Alliance-ის პრეზიდენტმა, მეჰდი მაჯიდიმ, პროფესორმა ხოსე რომერომ და ცენტრის უფროსმა მკვლევარმა - ნინო საჩალელმა, მიმოიხილეს პროგრამების განხორციელების დეტალები და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა გაეროს პასუხისმგებლიანი განათლების მენეჯმენტის პრინციპების (UN PRME) ოფიციალურმა წარმომადგენლობამ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამინისტროების დარგობრივი დეპარტამენტების თანამშრომლებიც.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი UN PRME-ის ოფიციალური ხელმომწერი წევრია და აქტიურად მუშაობს ეთიკური მმართველობის, კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი ტრანსფორმაციის პრინციპების საგანმანათლებლო კურიკულუმში ინტეგრირების მიმართულებით.
გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამები სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, PRME-ის ჩარჩოსა და გაეროს გლობალურ შეთანხმებას, რაც განსაკუთრებულ აკადემიურ და პრაქტიკულ ღირებულებას სძენს მას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI