2025 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს ეკონომისტის დღეს, თბილისში გაიმართა ეკონომისტთა VII ეროვნული კონფერენცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის, შემოღების 30 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა გრუნის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, რომელმაც წარადგინა მოხსენება „არასაბანკო საფინანსო შუამავლობა საქართველოსა და ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში: გამოწვევები და შესაძლებლობები".
კონფერენციის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - ვლადიმერ პაპავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ვახტანგ ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - შოთა ბერეკაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი - როინ მეტრეველი და სებ-ის პრეზიდენტი - ნათია თურნავა.
„ეკონომისტის დღე“, ტრადიციულად, სექტემბრის მეორე პარასკევს აღნიშნება და 1918 წელს პირველი ქართული სამეცნიერო-ეკონომიკური ჟურნალის - „საქართველოს ეკონომისტის“, გამოცემის დღეს უკავშირდება. 2018 წლიდან ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოში ეკონომისტთა ეროვნული კონფერენცია იმართება, რომელსაც აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ხელმძღვანელობს.
2023 წელს ეკონომისტთა მეხუთე კონფერენციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მასპინძლობდა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI