2025 წლის 28 მაისს ამერიკის საელჩომ, უნივერსიტეტში, ოფიციალურად წარადგინა ფულბრაიტის პროგრამის სპეციალისტი, კეიშა მებრი ჰეიმორი, რომელიც ორ კვირას ითანამშრომლებს ბიზნესის სკოლასთან. ამერიკელ სტუმარს ახლდა საელჩოს განათლების მიმართულების სპეციალისტი, სოფი ბზიშვილი.
პროგრამა, რომელიც აშშ-ის საელჩოს ადმინისტრირებით ხორციელდება, უზრუნველყოფს ამერიკელი მეცნიერებისა და პროფესიონალების გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა უნივერსიტეტსა და დაწესებულებაში მსოფლიოს მასშტაბით. 2025 წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პრესტიჟული პროგრამის ერთ-ერთ მასპინძლად იქნა მიჩნეული.
ვიზიტის ფარგლებში GRUNI-ში ყურადღება დაეთმობა აქსელერატორის სასწავლო პროგრამის დიზაინს, მენტორობის ჩარჩოს შექმნას და სტრატეგიულ რეკომენდაციებსა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის სკოლის ინიციატივების განვითარებას.
პროგრამის პირველ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე; რექტორის მოადგილე, ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია; რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე. შეხვედრაზე განიხილეს მოწვეული სპეციალისტის პროგრამის აქტივობები და მათი შესაბამისობა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პრიორიტეტებთან. რექტორმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მხარდაჭერისათვის.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდის მეორე სტუმარს, მაკკინლის კლასიკური ლიდერობის აკადემიის დირექტორის - ლარონ ჰეიმორს, რომელიც ივნისის დასაწყისში საქართველოს სკოლის დირექტორებისთვის ჩაატარებს ტრენინგს – „ეფექტური სკოლის ლიდერობის სტრატეგიები”.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.