2025 წლის 29 მაისს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს შორის.
შეხვედრაზე გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორმა - გოჩა ოჩიგავამ, დოქტორანტმა - იოსებ წერეთელმა და სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - ქეთევან ქოქრაშვილმა განიხილეს: საჯარო სკოლების განვითარების მხარდამჭერი ახალი, ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტები, რომლებიც მოსწავლეთა სამოქალაქო განათლებას, ახალგაზრდების კანონმორჩილ მოქალაქეებად აღზრდის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას უკავშირდება.
ქალბატონმა ქეთევანმა მიიღო დამატებითი ინფორმაცია გრუნის მეცნიერული კვლევებისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდის საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კვლევით პროექტს - „კრიმინალური მენტალობა, როგორც ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი მკვებავი ელემენტი და მის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის ზოგიერთი აქტუალური საკითხი“.
სამინისტროს წარმომადგენელმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გრუნის სამეცნიერო - კვლევითი მიმართულებით განსახორციელებელი ამოცანების გადასაჭრელად.
შეხვედრა ორგანიზებული იყო სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის მიერ.