გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის, ცენტრმა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი შესთავაზა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელებს: „მოლაპარაკების ხელოვნება - მედიაცია“.
ყოველწლიური ტრენინგი/კონკურსი ემსახურება ახალ თაობაში მედიაციის შესახებ ცნობადობის გაზრდას, რომლის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სრული ინფორმაცია დავის მეგობრულად დასრულების მექანიზმის თაობაზე, ჩაერთონ პრაქტიკულ, იმიტირებულ პროცესში, ეზიარონ საუნივერსიტეტო გარემოს, რომელიც, მედიაციის პროცესის მსგავსად, მეგობრული და სამომავლო ურთიერთობებზე ორიენტირებულია.
წელს კონკურსში 15 კერძო და 35 საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მედიაციის იმიტირებულ პროცესს უძღვოდა ინტენსიური სწავლება, რომელსაც მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი - ნინა გერსამია და სტუდენტი - ტრენერები სახალისოდ, სწავლა/კეთების მეთოდოლოგიით წარმართავდნენ.
კონკურსის ჟიურიმ, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თამარ ღვამიჩავას, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, პროფესორ ირაკლი ყანდაშვილის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის გვანცა ვარამაშვილისა და უნივერსიტეტის კანცლერის გიორგი თავხელიძის შემადგენლობით, 5 ფინალისტი გამოავლინა.
პროექტის გამარჯვებულად დასახელდა კერძო სკოლის - „პრომეთე“, მეათეკლასელი, ნიკოლოზ კუჭაშვილი, რომელსაც გადაეცა 100%-იანი საუნივერსიტეტო სასწავლო გრანტი.