გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ორ დღეს მიმდინარეობდა საერთაშორისო კონფერენცია „ბავშვის უფლებები და ხელოვნური ინტელექტი“, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს მიეძღვნა.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტისა და გრუნის ერთობლივი კონფერენციის მუშაობაში 60-მდე ქვეყნის, 30-მდე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის, 20-მდე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიის 1200-მდე ბავშვი და ექსპერტი მონაწილეობდა.
კონფერენციაზე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და შესაძლებლობები მომდინარე საფრთხეებისგან ბავშვების დასაცავად, კერძოდ: ხელოვნური ინტელექტის როლი ხარისხიან განათლებაში, ციფრულ გარემოში ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ინდუსტრიის როლი ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში და ბავშვის უფლებები და სხვა.
აღინიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ შესაძლებლობების ფართო სპექტრი შექმნა განათლების, ჯანდაცვის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, თამაშის, დასვენებისა და სხვა მიმართულებით, მიუხედავად ამისა, ის მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ბავშვის უფლებებს და ვრცელდება ისეთ საფრთხეებზე, როგორებიცაა: ძალადობა, შევიწროება, კიბერბულინგი, მავნე შინაარსი, ექსპლუატაცია, პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის დარღვევა და სხვ.
კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ გრუნის პროფესორები, ახალგაზრდა მკვლევრები, სტუდენტები, პარტნიორი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორები, უნივერსიტეტის სხვადასხვა პროექტში გამარჯვებული მოსწავლეები.
კონფერენციაზე იმსჯელეს საერთაშორისო დოკუმენტზე - ერთობლივ განცხადებაზე, ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში ბავშვის უფლებების შესახებ, რომელიც წარმოადგენს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, სოფო კილაძის ინიციატივას. ერთობლივი განცხადების შემუშავებას კოორდინაციას უწევს საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი (ITU), მის მომზადებაში ჩართულია: გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი (CRC), UNICRI (Center for AI and Robotics), საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), UNESCO, UNODC, SRSG Violence against Children.
კონფერენციის მუშაობას უცხოელ მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები: ალექსანდრე დარახველიძე და ანა ფაჩუაშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.