2 ნოემბერს გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ეს მნიშვნელოვანი დღე სიმბოლური იმ თვალსაზრისითაც იყო, რომ ის ბათუმის წარმომადგენლობის დაარსების 10 წლისთავის საიუბილეო თარიღს დაუკავშირდა.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა უნივერსიტეტის სახელით ყველა კურსდამთავრებულს მიულოცა სწავლის დასრულება და შემდგომი წარმატება უსურვა. ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გრუნის სამართლის სკოლის პროფესორმა დავით გაბაიძემ და პროფესორმა ნიაზ ზოსიძემ, რომელიც, სტუდენტთა გამოკითხვების მიხედვით, “წლის პროფესორად“ დასახელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გრუნის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კურსდამთავრებულები, მათი ოჯახის წევრები და მეგობრები.
კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს და ყველას, ვინც იზრუნა და ძალისხმევა არ დაიშურა მათ სპეციალისტებად აღზრდაში.
2023-2024 სასწავლო წელს ბათუმის წარმომადგენლობაში საბაკალავრო პროგრამა 51 სტუდენტმა დაასრულა.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტური ჰიმნისა და ფოიერვერკების ფონზე გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.
Graduation 2024-ის საზეიმო ცერემონიალს უძღვებოდა ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საკითხებში - გულო თურმანიძე.