2024 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გრუნის ასოცირებული პროფესორის - გოჩა ოჩიგავას, შემოქმედებითი საღამო და პოეტურ - შემეცნებითი კრებულის - „მატარებელი თბილისი - გაგრა“, პრეზენტაცია.
გოჩა ოჩიგავას ბავშვობა ომამდელ აფხაზეთსა და გაგრას უკავშირდება. მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი (პოეზია, პროზა, მუსიკა) სწორეც საქართველოს ამ ულამაზეს კუთხესა და ქალაქს ეძღვნება.
კრებულის I ტომი, რომელიც გრუნის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა, კარგად გააზრებული, მხატვრულად ხორცშესხმული ნაფიქრალ-ნააზრევია ახალგაზრდა კაცისა, რომელსაც აწუხებს, სტკივა დროებით უაფხაზეთოდ დარჩენილი საქართველო.
როგორც წიგნის რედაქტორი - გრუნის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე ბრძანებს: “გოჩა ოჩიგავას დებიუტი შედგა, მას სრული უფლება აქვს თანამედროვე გამორჩეული ქართველი პოეტების შემოქმედებით ფერხულში ჩაებას და, ამავდროულად, მტკიცედ იდგეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის შემსწავლელი მეცნიერების განვითარების სადარაჯოზე. ავტორი ცდილობს გაზარდოს ახალგაზრდების ინტერესი საქართველოს ერთიან საზღვრებში მოქცევის, აფხაზეთში ღირსეულად და მშვიდობით დაბრუნების გზების ძიების მიმართ“.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გარდა, 14 ნოემბრის შემოქმედებითი საღამოს მხარდამჭერები იყვნენ:
- მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია, „გულანი“, დამფუძნებელი: ნაირა მარშანია;
- ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო გაერთიანება, „ქართველი“, დამფუძნებელი: იოანე ქართველი;
- თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტთა ანსამბლი „სულიკო“;
- ვოკალური სტუდია „ნანა“, ხელმძღვანელი: კომპოზიტორი ნანა დაუშვილი;
- ქართული ცეკვის სახალხო დამსახურებული ანსამბლი „ეგრისი“, ხელმძღვანელი: გიორგი ფილიშვილი.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ბატონი გოჩას ლექსები, ჩანახატები, მუსიკალური ნაწარმოებები. დაინტერესება გამოიწვია ბატონი გოჩას ფერწერულმა ნამუშევრებმაც.
პოეტური კრებულის შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ცნობილმა მწერლებმა, პოეტებმა, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა:
მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ - მაყვალა გონაშვილმა, თავის გამოსვლაში, აღნიშნა: „გოჩა მრავალმხრივი ნიჭის პატრონია, მაგრამ, ამასთან, ის საოცარი ესთეტი და გემოვნებიანი ადამიანია. მისი ლექსები ერთგვარი მოწოდებაცაა დროებით უაფხაზეთოდ დარჩენილი საქართველოს არშეგუებისა“.
მსახიობმა, პოეტმა, პედაგოგმა, ქართული სიტყვათქმის დიდოსტატმა - ელდინო საღარაძემ აღნიშნა: "მისი ლექსები იმდენად სუფთა და გულწრფელია, რომ სულის ამოძახილს არ უტოვებს სხვა გზას, გარდა იმისა, რომ სრულიად შეერწყას და შეეხმატკბილოს სათანადო განწყობასა და ხმის ტემბრს...“; პოეტმა, მწერალმა, მთარგმნელმა, ქართული კულტურის დესპანმა - ნაირა მარშანიამ, ასე შეაფასა კრებული: „გოჩას მატარებელი თბილისი - გაგრა" ყველაზე ძვირფასი ტრანსპორტია, რომლის მგზავრი აუცილებლად მინდა ვიყო“.
შემოქმედებით საღამოს გრუნის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს გოჩა ოჩიგავას, ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, მიენიჭა მშვიდობის ალამდარის წოდება.
ვულოცავთ ბატონ გოჩას კრებულის გამოცემასა და წარმატებით გამართულ შემოქმედებით საღამოს.
კრებულს კი შემდგომ აღიარებას ვუსურვებთ.