მიმდინარე წლის 14-18 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ელისო ჩაფიძე, ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა პორტუგალიაში, პორტოს უნივერსიტეტში.
გრუნის პროფესორმა ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისათვის, წაიკითხა ლექცია: მონაცემთა ჟურნალისტიკა და ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ; საგამოძიებო ჟურნალისტიკის ტრანსფორმაცია ციფრულ ეპოქაში.
პროფესორის ლექციამ ხელოვნებისა და ჰუმანიტარული დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ხოსე მანუელ აზევედოს, საუკეთესო შეფასება მიიღო. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა - პედრო ფრიასმა კი, გამოთქვა სურვილი, მონაცემთა ჟურნალისტიკის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლოს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან.
ვიზიტის ფარგლებში ელისო ჩაფიძე შეხვდა პორტოს უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს, დაინტერესდა მათი მიღწევებით, ასევე, მოინახულა პრესის მუზეუმი პორტოში.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაშიც, გამოითქვა სურვილი, კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან.
პორტოს უნივერსიტეტი პორტუგალიის ერთ-ერთი უმსხვილესი უნივერსიტეტია 29 ათასი სტუდენტით. მისი 14 ფაკულტეტი სამ შენობაშია განთავსებული.. უნივერსიტეტთან არსებობს ყოველდღიური გაზეთი, ასევე, მულტიმედიაცენტრი.