გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორ ორგანიზაციასთან „გოგონები მსოფლიოს ლიდერები“ (გლოუ) და იწყებს პროექტს „EmpowerHER: GLOWing Paths for Georgian Girls“. ერთწლიანი პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მიერ.
პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები გოგონების გაძლიერება ლიდერობის, მეწარმეობისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. გრუნის, კერძოდ კი, ბიზნესსკოლის მონაწილეობა მოიცავს მეწარმეობის, ფინანსური განათლებისა და ინვესტიციების შესახებ ტრენინგების ჩატარებას ზამთრის ბანაკში, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მე-9-მე-12 კლასის გოგონებით. პროექტის ფარგლებში, ასევე, გაიმართება გრუნის ინვესტირებისა და საფონდო ბირჟის შესახებ ტრენინგები, ხოლო Teen Academy-ის პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, გოგონებს საშუალება ექნებათ მცირე გრანტის მოსაპოვებლად შეიტანონ განაცხადი და განახორციელონ სხვადასხვა პროექტი, გამოიყენონ ბანაკსა და აკადემიაში დაგროვილი გამოცდილება.
ამ საკითხების შესახებ პირველ სამუშაო შეხვედრას გლოუს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ გრუნის პრორექტორი, ვახტანგ ჭარაია და რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე.