2024 წლის 17 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ოფიციალურად წარუდგინა ფულბრაიტის სპეციალისტის პროგრამის პროფესორი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლაში. პროფესორს ახლდნენ საელჩოს კულტურის ატაშე, ივენ კალისი და პროგრამის კოორდინატორი, თათა თოდრია.
პროგრამა, რომელიც აშშ-ის საელჩოს ადმინისტრირებით ხორციელდება, უზრუნველყოფს ამერიკელი აკადემიკოსებისა და პროფესიონალების გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა უნივერსიტეტსა და დაწესებულებაში მსოფლიოს მასშტაბით. 2024 წელს, გრუნიც შეირჩა ფულბრაიტის სპეციალისტის პროგრამის (Fulbright Specialist Program) ერთ-ერთ მასპინძლად.
პროგრამის ფარგლებში, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა უმასპინძლებს დოქტორ სტივენ ვუტენს, ორეგონის უნივერსიტეტის გლობალური კვლევების ასოცირებულ პროფესორს, რომელიც ჩაატარებს ტრენინგებს როგორც თბილისის, ისე ბათუმის წარმომადგენლობაშიც. ვიზიტის დროს დოქტორი ვუტენი ჩაერთვება სტუდენტებთან, პროფესორებთან და მკვლევარებთან, შესთავაზებს ღირებულ შეხედულებებს და პერსპექტივებს კვლევისა და საჯარო მმართველობის შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გრუნის რექტორი - მამუკა თავხელიძე, რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე, ვიცე-რექტორები - გიორგი მირიანაშვილი და გულიკო გალდავა და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი - მერი ლომია, ესწრებოდნენ, განიხილეს პროფესორის ორკვირიანი პროგრამა გრუნიში მუშაობის შესახებ. რექტორმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის საგანამანათლებლო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს დახმარებისათვის.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს, რამაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერისთვის. ეს შესაძლებლობა ხაზს უსვამს გრუნის ერთგულებას საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური სრულყოფილებისადმი.