გამოქვეყნდა ფილოსოფიის დოქტორ ირაკლი კახიძის ახალი კვლევა - „ძალაუფლების ტრანსფორმაცია ინფორმაციულ საზოგადოებაში“, რომელიც წარმოადგენს მცდელობას, ინდივიდის თავისუფლების და დემოკრატიის პერსპექტივიდან აჩვენოს ინფორმაციულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები. ნაშრომში განხილულია თანამედროვე საზოგადოებაში ინფორმაციულ ტექნოლოგიური რევოლუციის მიერ გამოწვეული ცვლილებების როლი და მისი მნიშვნელობა ინდივიდის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების უზრუნველყოფის საკითხში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინფორმაციული საზოგადოების თეორეტიკოსებში ე.წ. „კიბეროპტიმისტური“ პოზიციაა დომინანტური. კერძოდ, ინტერნეტი და სოციალური მედია თანამედროვე საქართველოში სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების ინიცირებას ახდენს და დემოკრატიზაციის პროცესში პოზიტიურ როლს თამაშობს. თუმცა, ამავე კვლევის შედეგად ასევე გამოჩნდა, რომ ელექტრონული დემოკრატიისა და ინდივიდის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ინფორმაციული ეპოქის თანამდევია, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისათვის. ირაკლი კახიძის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგები მისივე სტატიის სახით გამოქვეყნდება შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო კრებულში: „თავისუფლება - სამართლიანობა - სახელმწიფო“, რედაქტორი - თ. ირემაძე და სხვ., თბილისი: „ფავორტი სტილი“, 2024 წ.