გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დაიწყო ახალ პროექტი მოსწავლეებისთვის „ბავშვები ბავშვებისათვის“.
პროექტს ხელმძღვანელობენ: უნივერსიტეტი და გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სოფიო კილაძე.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვების ფორმირებას დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული, კულტურული ღირებულებების პატივისცემაზე ორიენტირებას, სხვაზე ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას, ტოლერანტობისა და სოლიდარობის, პრინციპების დამკვიდრებას.
პროექტი ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი მხრივ, თავად იზრუნონ ადამიანებზე, საზოგადოებაზე, სამშობლოზე, მეორე მხრივ, სხვებსაც მისცენ მოტივაცია.
2023 წლის 23 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროექტის გასაცნობად გაიმართა პირველი შეხვედრა სოფიო კილაძესთან, რომელმაც ისაუბრა პროექტის, მასში მონაწილეობისა და იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა წარმატების მისაღწევად!
პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 10-12 კლასების 2000 მოსწავლემ, მათ შორის, რეგიონებიდანაც.
საუკეთესო მონაწილეები უნივერსიტეტის დაფინანსებით გაემგზავრებიან ჟენევაში, ეწვევიან ბავშვის უფლებების კომიტეტს, გაეცნობიან მის საქმიანობას, ესტუმრებიან იმ ადამიანებს, ვინც მუშაობს ბავშვთა უფლებების დასაცავად და სხვა.
პროექტის მოსამზადებელად მოსწავლეებს ვადა 1 თებერვლამდე აქვთ. 16-17 თებერვალს გაიმართება მეორე შეხვედრა სოფო კილაძესთან და პროექტების განხილვა.