გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლასთან არსებულმა სტუდენტურმა საინვესტიციო ფონდმა უკვე მეორედ უმასპინძლა სკოლის მოსწავლეებს და 19, 20 და 22 დეკემბერს ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად შესთავაზა მათ “საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შესავალი კურსი“.
პრაქტიკული აქტივობების სერიის მეშვეობით მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საფონდო ბირჟის, ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისა და ვაჭრობის დინამიკის შესახებ; ადგილზე გაეცნენ ცნობილი კომპანიების (Google, Microsoft, Amazon, Apple, Facebook, Tesla და ა.შ.) აქციებით ვაჭრობის პროცესს, ნიუ იორკის საფონდო ბირჟას, დააკვირდნენ, როგორ ხდება ბაზრის ანალიზი.
მესამე დღეს მონაწილეებმა დემო ვერსიაში ივაჭრეს გუნდურად. მათი ამოცანა იყო ოქროს ღირებულების ცვლილებაზე დაკვირვება და შესაბამისი გარიგებების განხორციელება. გუნდებს ჰქონდათ საკუთარი ვირტუალური ბიუჯეტი, 10 ათასი დოლარის ოდენობით და მათი მიზანი ამ თანხის გაზრდა გახლდათ. შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი:
- გურამ ცივაძე, ცოტნე შერაზადიშვილი, ნინი სისვაძე - თბილისის 29-ე სკოლა;
- თათა ხვედელიძე, ლელა კვენიაშვილი - თბილისის 175-ე საჯარო სკოლა;
- ლუკა ჩადუნელი, ოთო კახიძე - თბილისის 29-ე საჯარო სკოლა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლასთან არსებული სტუდენტური საინვესტიციო ფონდი განაგრძობს მსგავს ღონისძიებებს სკოლის მოსწავლეების ფინანსური განთლების დონის ასამაღლებლად.