2023 წლის 21 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა პირველი სამეცნიერო კონფერენცია - „კომპლექსური უსაფრთხოების სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები“.
კონფერენციაზე ღვაწლმოსილმა მეცნიერებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა წარადგინეს საინტერესო მოხსენებები სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ. გაიმართა დისკუსია ისეთ პრობლემურ თემებზე, როგორებიც არის: „უსაფრთხოება და მუდმივი ღირებულებები“, „ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გავლენა გლობალურ პოლიტიკაზე“, „სასურსათო უსაფრთხოება“, „მიზანმიმართულად შექმნილი მაღალტექნოლოგიური საფრთხეები“, „ეკონომიკური უსაფრთხოების აქტუალური საკითხები“, „სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლები“ და სხვ.
გრუნის სახელით კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი, გოჩა ოჩიგავა. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური პერსონალის შრომითი უფლებების დაცვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა სწორი კვების აქტუალურობის, ინტელექტუალურ მიგრაციასთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოების, ასევე, ევროპული და ეროვნული ღირებულებების თანაფარდობის მნიშვნელობაზე.
კონფერენციის დასასრულს დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი მეცნიერები და ნიჭიერი ახალგაზრდებიც, რომლებიც ქმნიან განათლებული საქართველოს ხვალინდელ დღეს.
აღსანიშნავია, რომ უსმას მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო „საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის”, 2021 წელს გადაეცა სამეცნიერო მიმართულებით გრუნის რექტორის მოადგილეს, ეკონომიკის დოქტორს, ბატონ ვახტანგ ჭარაიას.