მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების ცენტრი (GRUNI SDGs) გაიხსნა.
გრუნიმ კვლევითი ცენტრი საერთაშორისო კომპანია Libra Alliance-თან ერთად დააფუძნა, რომელიც მდგრადობის მიმართულებით აკადემიურ კვლევებსა და მრავალფეროვან პროექტებს განახორციელებს, ამასთან, აქტიურად ითანამშრომლებს გაეროსა და სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან; სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს როგორც აკადემიურ, ისე სასერტიფიკატო კურსებს, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული სპეციალისტები გაუძღვებიან.
ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და კომპანია ლიბრა-ალიანსის პრეზიდენტმა, პროფესორმა მედი მაჯიდიმ, რის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსია.
დისკუსიას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: მარიტა არაბიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დირექტორი; მაია მელიქიძე - საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი; სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური ქსელის საქართველოს წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი; ვახტანგ ცაგარელი - ფონდ ქართუს პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი.
ცენტრი სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად საზოგადოებაში მდგრადი განვითარების საკითხების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.