8 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს ეკონომისტის პროფესიულ დღეს მიეძღვნა.
კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, გრუნის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ. კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირების პრობლემები კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში.
წარმომადგენლობით ფორუმს 100-მდე მეცნიერ-ეკონომისტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლი ესწრებოდა.
კონფერენციის მონაწილეებს პროფესიული დღე მიულოცეს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა - აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ - მიხეილ დუნდუამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, კონკურენციის სააგენტოს უფროსის მოადგილემ - ლევან კალანდაძემ და გრუნის რექტორმა მამუკა თავხელიძემ. ფორუმს უძღვებოდა აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და გრუნის რექტორის მოადგილე სამეცნიერო საკითხებში, ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
მომხსენებლებმა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებისა და პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს, განიხილეს მაკროეკონომიკური პრობლემები და სოციალური დემოგრაფიის საკითხები.
„დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკა კონფრონტაციული ხასიათის გახდა მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. სად არის საქართველო, როგორ უნდა პოზიციონირებდეს ამ პირობებში, როგორ უნდა განვითარდეს - ამ საკითხებს განვიხილავთ დღეს და მიღებულ გადაწყვეტილებებს წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას...“ - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.
ფორუმმა მუშაობა მიმართულებების მიხედვით სექციებად გააგრძელა, დღის ბოლოს კი შედეგები შეაჯამა და სერტიფიკატები გადასცა მონაწილეებს.