2023 წლის 9 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლამ უმასპინძლა პარტნიორი კომპანიის - Pulsar Al-ის, თანადამფუძნებელსა და საოპერაციო დირექტორს, სოფო ჭყოიძეს.
Pulsar Al-მა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საავტომობილო ინდუსტრიაში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია და ეს ქართული სტარტაპი ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერკომპანია - SpinCar-მა, შეიძინა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2022 წლიდან თანამშრომლობს Pulsar AI-თან.
სტუმარმა სტუდენტებს გააცნო სტარტაპკომპანიების საქმიანობის განხორცილების თავისებურებანი, პრინციპები, საქმიანობის წარმართვის სწორი დაგეგმარება და ბიზნესის მართვის სხვა აქტუალური საკითხები.
ლექციის შემდეგ Pulsar Al-ის თანადამფუძნებლთან გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, მათ შორის, ბიზნესისა და მართვის სკოლის საბაკალავრო პროგრამების დასაქმების კომიტეტში პარტნიორი კომპანიის პოტენციური ჩართვის შესახებ, რათა პროგრამების შედგენაში დამსაქმებლის მოთხოვნები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, თამარ გამსახურდია და სკოლის დეკანის მოადგილე, ქეთი მაისურაძე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ და სკოლის დეკანის მოადგილემ -ლანა ებრალიძემ, სტუმარს კამპუსი, ბიბლიოთეკა, კრიმინალისტიკის ლაბორატორია და მულტიმედიაცენტრი დაათვალიერებინეს.