2023 წლის 8 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობას, სტუდენტთა ინიციატივით, სტუმრობდა ცნობილი ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ლეო (ლევან) ანთაძე.
მხცოვანმა მსახიობმა სტუდენტებს უამბო იმ წლების შესახებ, რომელიც სცენაზე გაატარა, გაიხსენა მოღვაწეობის საინტერესო ამბები და მომენტები, მხატვრულად წაიკითხა სხვადასხვა პოეტის ლექსი, ასევე, ვაჟა ფშაველას პოემა ,,ბახტრიონი“ და შეასრულა მცირე სასცენო როლები.
სტუდენტებმა ბატონ ლევანს საჩუქრად გადასცეს წიგნები და სამახსოვრო ფოტოალბომი, ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ სულიკო ანთაძემ კი სიმბოლური საჩუქარი - ანთაძეების საგვარეულო გერბი.
ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა იმ ღვაწლისა და დამსახურებისთვის, რაც მას საზოგადოების წინაშე მიუძღვის.