ირაკლი ყანდაშვილის სახელობითი სტიპენდია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ირაკლი ყანდაშვილის სახელობითი სტიპენდია


საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა - ირაკლი ყანდაშვილმა, მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დააწესოს სახელობითი სტიპენდია გრუნის სამართლის სკოლის სტუდენტისათვის.

 

ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ სახელობითი სტიპენდიის დაწესებით ქმნის დამატებითი მხარდაჭერის შესაძლებლობას ნიჭიერი, წარმატებული სტუდენტებისათვის და ამით ერთგვარად იზიარებს ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, როდესაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანები ეხმარებიან ახალგაზრდებს. „ამ გადაწყვეტილებით საფუძველს ვუყრით ტრადიციას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და არა მარტო სტუდენტებს, არამედ სამართლის მიმართულებასა და უნივერსიტეტსაც გააძლიერებს...“ - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა ირაკლი ყანდაშვილს ამ ინიციატივისათვის: „ამ ინიციატივით ხელს ვუწყობთ ძლიერი იურისტების აღზრდასა და მათ სტიმულირებას. ვეხმარებით ახალგაზრდებს სწავლასთან ერთად განვითარდნენ პიროვნულად და მიიღონ მაგალითი, როგორ უნდა იზრუნონ სხვებზე. სახელობითი სტიპენდია, მხარდაჭერასთან ერთად, არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვისურვებდი ეს წოდება ღირსეულად ატაროს თითოეულმა სტუდენტმა...“

 

შეხვედრის დასასრულს სამართლის სკოლამ სტუდენტებს გააცნო ის კრიტერიუმები, რომლებითაც შეირჩევა სტიპენდიატი:

  • V-VIII სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA მინიმუმ 3.5);
  • უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში დოკუმენტურად დადასტურებული მიღწევები;
  • უნივერსიტეტის განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი წვლილი.