გრუნი - თბილისის მერიის ეკონომიკური ფორუმის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი - თბილისის მერიის ეკონომიკური ფორუმის პარტნიორი


2023 წლის 29-30 მაისს გაიმართა თბილისის XIII ეკონომიკური ფორუმი „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნესმეგობრული“, რომლის პარტნიორი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

თბილისის ეკონომიკური ფორუმი მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

 

წელს ფორუმს 100-ზე მეტი სპიკერი და 500-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, გრუნის პროფესორები და სტუდენტები.

 

ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში გრუნის ორი პროფესორი მონაწილეობდა: ვახტანგ ჭარაია, რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი - სესიაში „კონკურენტუნარიანობის როლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ და ასოცირებული პროფესორი ნათია დაღელიშვილი - სესიაში „გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება”.

 

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე, დიპლომატები, უცხოელი სტუმრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (EU-UNDP M4EG), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), დანიისა და შვეიცარიის საელჩოების, ასევე, კომპანიების: „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ქალაქური“ და „სარაჯიშვილი“, მხარდაჭერით.