2023 წლის 23 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები“, უმასპინძლა.
სამეცნიერო კონფერენცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით მომზადდა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს საგანგებოდ ეწვია - კრის ესკრიჯი - ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა:
პროფესორი მალხაზ ბაძაღუა - საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;
კონფერენციის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ:
პროფესორი მამუკა თავხელიძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი; აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი;
პროფესორი ჯემალ გახოკიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (1997-1998 წწ.), საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
პროფესორი რომან შენგელია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუსი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
„კრიმინალი ყველგან პრობლემაა, მთელს მსოფლიოში, სწორედ საუნივერსიტეტო სივრცეში უნდა ხდებოდეს ამგვარი საკითხების განხილვა, ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება. კარგია, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაიწყო ამ საკითხებზე მსჯელობა და ვითარდება ეს მიმათულება...“ - განაცხადა გიორგი კვესიტაძემ.
„დანაშაულის პრევენციაზე საუბარი ყველა ქვეყანაში აქტუალურია. ავიცილოთ უნდა თუ არა დანაშაული მხოლოდ აგრესიული, რასაც ჩვენ დავარქმევდით - კინეტიკური საპატრულო პრაქტიკით? - ეს ნამდვილად არ არის კარგი იდეა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი კი არ ამცირებს პრობლემას, არამედ დანაშაულებრივ პრობლემაზე ახდენს აქცენტირებას. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მოდელით, რომელიც პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული”- აღნიშნა კრის ესკრიჯმა.
საზეიმო ცერემონიის დასასრულს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ საქართველოში კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი კრის ესკრიჯი დააჯილდოვა საუნივერსიტეტო ორდენით „განათლებისა და მეცნიერების ამაგდარი“.
მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ასეთივე საუნივერსიტეტო ორდენით დაჯილდოვდა გიორგი კვესიტაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.
კონფერენციაზე მოწვეულმა სტუმრებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები კრიმინოლოგიის სფეროს მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან, პრობლემასთან, მისი გადაჭრის შესაძლებლობებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.