15-16 მაისს გრუნის ტურიზმის მიმართულების II კურსის სტუდენტმა ლიზი ძიმისტარიშვილმა, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ავსტრიის ქალაქ კრემსში ჩატარებულ მე-10 საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში - „ტურიზმის კვლევები ISCONTOUR“, მიიღო მონაწილეობა. კონფერენციას 18 ქვეყნის დელეგატი ესწრებოდა.
ქართველმა სტუდენტმა კონფერენციაზე წარადგინა, ასოცირებული პროფესორების: მაკა ფირანაშვილისა და მაია მელაძის ხელმძღვანელობით მომზადებული ნაშრომი: „ღვინის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში „შატო მუხრანის“ და „სარაჯიშვილის“ მაგალითზე“. ნაშრომმა დიდი ინტერესი და ავსტრიელი ექსპერტების დადებითი შეფასება დაიმსახურა, ლიზი ძიმისტარიშვილს გადაეცა სერტიფიკატი, მისი ნაშრომი დაიბეჭდება კონფერენციის კრებულში.
კონფერენციის ორგანიზატორი კრემსის უნივერსიტეტი (IMC Krems) ინსბრუკის უნივერსიტეტთან (MCI Innsbruck) ერთად ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს ტურიზმის, კერძოდ, დანიშნულების ადგილის მენეჯმენტის, ციფრული მარკეტინგის, ციფრული ტრანსფორმაციის, მომხმარებელთა ქცევის, მასპინძლობის მენეჯმენტისა და მდგრადი ტურიზმის მენეჯმენტის კვლევით სფეროებში.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2014 წლიდან თანამშრომლობს კრემსის უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლა-სწავლების მეთოდებისა და გამოცდილების გაცნობა-გაზიარების მიზნით. ავსტრიაში იმყოფებოდა ასოცირებული პროფესორი მაია მელაძეც, მისი ვიზიტი ემსახურებოდა აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი კავშირების დამყარებას ერთობლივი კვლევების, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლის პროგრამებთან დაკავშირებით.