ყოველდღიურად დედამიწაზე უამრავი ნარჩენი წარმოიქმნება, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს მიწისა და წყლის რესურსებს, რაც, საბოლოოდ, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიურად აისახება. ნარჩენების გადამუშავება კი ამცირებს გარემოს დაბინძურების რისკს.
ამიტომ გრუნის სტუდენტებმა გადაწყვიტეს აქტიურად ჩაერთონ გარემოს დაცვის პროცესში.
1 მაისს ბიზნესისა და მართვის სკოლის მოწვევით, გრუნის ესტუმრა ქართული კომპანია „ტენე“, რომელიც მეორეული გადამუშავების შედეგად მიღებული ნედლეულით ამზადებს მობილური ტელეფონის დამტენებს.
კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე ლილუაშვილმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს პლასტმასის შემგროვებელი დანადგარი გადასცა, სტუდენტებს გააცნო კომპანიის საქმიანობა და ყველა ის პროცესი, რომელსაც გადის ნარჩენი ყუთში მოთავსებიდან კვლავწარმოებამდე. ახალგაზრდებს განუმარტა, რატომ არის საშიში მათი ნიადაგში დაფლვა თუ წყალში ჩაყრა და რამხელა სარგებელი მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადამუშავებას.
უნივერსიტეტში შეგროვილ პლასტმასის ნარჩენებს კომპანია ტელეფონების დამტენების დასამზადებლად გამოიყენებს.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პირველია უნივერსიტეტებს შორის, ვისთანაც „ტენე“ ამ ფორმით ითანამშრომლებს.