გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიისა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან, 2022 წლის 20-25 ივნისს, საქართველოში, მოწვეულ იქნა აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოში კრიმინოლოგიური მეცნიერების შემდგომ განვითარებას, რომელიც 15 წლის წინ დაიწყო ბატონი ესკრიჯის ჩამოსვლით საქართველოში. ეს ვიზიტი ინიცირებული იყო გრუნის მიერ, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წამოწყებით.
20 ივნისს გაიმართა პროფესორ კრის ესკრიჯის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში, რომელსაც უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე; აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ დამსწრე საზოგადეობას გააცნო ამერიკელი კოლეგის ვიზიტთან დაკავშირებული მიზნები. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს კრიმინოლოგიის დარგში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.
21 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, პროფესორ გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრში გაიმართა პროფესორ კრის ესკრიჯის ლექცია-დისკუსია ორგანიზებული დანაშაულობა აშშ-ში და პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნის ჯგუფური დანაშაულობა საქართველოში პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ნაშრომი მომზადდა გრუნის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში და გამოიცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ. ლექციისა და პრეზენტაციის თაობაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები: აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ ბერიძე; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ეკა ბესელია; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბადრი ნაჭყებია; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი გულნაზ გალდავა; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე; საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის წარმომადგენელი დავით ქოჩლაძე;
პროფესორებმა კრის ესკრიჯმა და მალხაზ ბაძაღუამ დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს გასცეს ამომწურავი პასუხები. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებსა და გრუნის საპატიო პროფესორს კრის ესკრიჯს, კვლავ სტუმრობისა და საინტერესო მოხსენებისათვის.
24 ივნისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა პროფესორ კრის ესკრიჯის შეხვედრა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, პროფესორ მალხაზ ბაძაღუასთან და აკადემიის წევრებსა და გრუნის სამართლის სკოლის მკვლევარებთან. შეხვედრაზე განიხილეს კრიმინოლოგიის აქტუალური საკითხები და შეაჯამეს ამერიკელი მკვლევარის საქართველოში ვიზიტის შედეგები.
ამერიკელმა პროფესორმა საქმიანი ვიზიტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.