ოთარ გამყრელიძის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ოთარ გამყრელიძის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა


2022 წლის 20 მარტს სამართლის მეცნიერთა კავშირისა და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, სამართლის მეცნიერთა კავშირის დამფუძნებელი წევრის, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის განყოფილების გამგის, ოთარ გამყრელიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

 

იუბილეს ესწრებოდნენ მეცნიერის კოლეგები, მოწაფეები, სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე; რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი გულიკო გალდავა; უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ამირან მოსულიშვილი, სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი გოჩა ოჩიგავა.

 

მოწვეულმა სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს ოთარ გამყრელიძის მიერ ქართული სამართლის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ. აღინიშნა, რომ მთელი მისი მოღვაწეობა არის დაუღალავი ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოს შესაქმნელად. მეცნიერის მოწაფეებმა გაიხსენეს ბატონი ოთარის ფასდაუდებელი ღვაწლი თითოეული მათგანის აღზრდასა და პროფესიულ დაოსტატებაში, ხაზგასმით ითქვა მისი გამორჩეული პიროვნული თვისებების შესახებაც.

 

მხცოვან მეცნიერს იუბილე მიულოცეს სამართლის მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეებმა,: მერაბ ტურავამ, მინდია უგრეხელიძემ, გივი ლობჟანიძემ, ქეთევან მჭედლიშვილმა-ჰენდრიხმა, დოდო ჯულახაძემ, ლადო ჭანტურიამ, ლაშა ბრეგვაძემ, ნონა თოდუამ, აგრეთვე: დავით სულაქველიძემ, ეკა ბესელიამ, ელენე წიკლაური-ლამიხმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით ასათიანმა, ლელა ჯანაშვილმა, მამუკა თავხელიძემ. გრუნის რექტორმა ისაუბრა ოთარ გამყრელიძესთან თანამშრომლობის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილება სამართლის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მისთვის დოქტორის საპატიო წოდების მინიჭების შესახებ.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს ბატონ ოთარ გამყრელიძეს 90 წლის იუბილეს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს მას.