ვებინარი: საქართველოსთვის ევროპის კავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების პოლიტიკურ-სამართლებრივი ანატომია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვებინარი: საქართველოსთვის ევროპის კავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების პოლიტიკურ-სამართლებრივი ანატომია


2022 წლის 11 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი: საქართველოსთვის ევროპის კავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების პოლიტიკურ-სამართლებრივი ანატომია.

 

ვებინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ: უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორ-მასწავლებლები და სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.

 

ვებინარზე განსახილველი თემის სამართლებრივი ასპექტები წარმოადგინა სამართლის დოქტორმა, უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, საჯარო მმართველობის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი მირიანაშვილმა. პოლიტიკური ასპექტები კი - პროფესორმა, საჯარო მმართველობის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა, კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

მომხსენებლებმა ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის ომის, მსოფლიოში შექმნილი ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობისა და განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების შესაძლებლობების შესახებ. განიხილეს გაწევრიანების კრიტერიუმები და ეროვნული სტრატეგია, ის პროცედურები, რაც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო და ის სამართლებრივი ვალდებულებები, რაც დაეკისრება საქართველოს ახალი რეალობის პირობებში.

 

ვებინარზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, მიმდინარე კონფლიქტის გავლენას ევროპაში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის დამყარებაზე, ნატოსა და ევროპის სახელმწიფოების გადაწყვეტილებებს ამ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და იმ საფრთხეებს, რომლებიც შეიძლება მომდინარეობდეს ამ სახელმწიფოსგან. შეფასდა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და დამოკიდებულება ბოლოდროინდელ პროცესებთან დაკავშირებით.

 

მოხსენებების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.