2021 წლის 22 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტთა მონაწილეობით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია: „თანამედროვე მედიკობიოლოგიური გამოწვევები და მიღწევები“.
აღნიშნული თემა სტუდენტებმა შეარჩიეს იმ თვალსაზრისით, რომ მედიკობიოლოგიურ სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ თანამედროვე ინფორმაციის ფლობა მნიშვნელოვანია მომავალი პრაქტიკოსი ექიმებისა და მომიჯნავე სპეციალობის მქონე სტუდენტებისათვის, რადგან თანამედროვე მედიცინის განვითარება, მისი კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შემუშავება გარკვეულწილად დამოკიდებულია მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის, გენური ინჟინერიის, ბიოტექნოლოგიისა და ბიოლოგიის სხვა დარგებში არსებულ აღმოჩენებსა და უახლეს მიღწევებზე.
კონფერენციაზე წარსადგენად 80-მდე ნაშრომი იქნა განხილული და შეირჩა 13.
თავიანთ მოხსენებებში სტუდენტებმა აღნიშნულ საკითხებთან ერთად ისაუბრეს კოვიდ -19 -ის გავრცელების, პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებისა და საშუალებების, ვაქცინებისა და მათი მოხმარების პრობლემების შესახებ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მედიცინის სკოლის სტუდენტები: ნინო ჩიკვილაძე, ნიკა შანიძე, სალომე ბექაური, გიორგი ნარსია, ნაზი დალაქიშვილი, თამარ ბერიძე, მელისა ხორავა, მარიამ მელქია, ანი გოგლაძე, გიორგი ბეჟანიშვილი, თიკა კიკნაძე, დიმიტრი იობიძე, იზა ბაკურაძე, ნინო რუხაია, ელენე ფანქველაშვილი და ლუკა ბიგვავა. კონფერენციაში ავსტრიიდან ჩაერთო ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე ხვედელიძე, რომელმაც ისაუბრა ავსტრიაში კოვიდპანდემიასთან ბრძოლის შედეგებსა და პრობლემებზე.
თითოეულ მოხსენებაში განსახილველ თემასთან დაკავშირებით სტუდენტებს საინტერესო მოსაზრებები დ წინადადებები ჰქონდათ წარმოდგენილი.
კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლდათ პროფესორი მანია არაბული.
კონფერენციას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა მედიცინის სკოლის დეკანმა ანა თეგეთაშვილმა, მან შეაფასა წარმოდგენილი ნაშრომების აქტუალობა და მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს.