სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა უმასპინძლა უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტებს.
შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ სტუდენტებს გააცნო საქართველოში მიმდინარე მედიაციის პროცესი, განუმარტა მათ თანამედროვე საზოგადოებაში დავის რეგულირების ახალი მექანიზმის როლი და მნიშვნელობა. ასევე, ისაუბრა უნივერსიტეტში სავალდებულო სასწავლო დისციპლინის სტატუსით შემოტანილი ამ კურსის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობასთან აქტიური თანამშრომლობა. ასოციაცია მზად არის ხელი შეუწყოს და დაეხმაროს მედიაციით დაინტერესებულ სტუდენტებს კონკრეტული, ვიწრო, სპეციალობის არჩევაში.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, მემორანდუმის ფარგლებში, სამართლის აკრედიტირებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო სასწავლო დისციპლინის სტატუსით შეიტანა მედიაციის სასწავლო კურსი.